შკოდა 111 წლისაა: ჩეხური მარკის საინტერესო ისტორია » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შკოდა 111 წლისაა: ჩეხური მარკის საინტერესო ისტორია

შკოდა 111 წლისაა: ჩეხური მარკის საინტერესო ისტორიაშკოდა 111 წლისაა: ჩეხური მარკის საინტერესო ისტორია
შკოდა 111 წლისაა: ჩეხური მარკის საინტერესო ისტორია
29.10.2016
ზუსტად 111 წელი გავიდა მას მერე, რაც მლადა ბოლესლავში (ჩეხეთი) ავტომობილები იწარმოება , უშუალოდ ფირმა კი 120 წლის გახდა. AUTO BILD ულოცავს ”შკოდას” დაბადების დღეს!

Auto Bild
1905 წლის 29 ოქტომბერი: ფირმის დამფუძნებლებმა ვაცლავ ლაურინმა და ვაცლავ კლემენტმა (L&K) თავიანთი პირველი ავტომობილი, ლეგენდარული Voiturette A წარმოადგინეს. სტატია გამოქვეყნდა ”ალგემაინე აუტომობილ ცაითუნგში”. აი, აქედან იწყება 111-წლიანი ისტორია

1985 წელს ვაცლავ ლაურინმა და ვაცლავ კლემენტმა დაარსეს კომპანია Laurin & Klement (L&K), რომელიც ”შკოდას” წინამორბედი ფირმაა. ამიტომაც მიეკუთვნება ეს ფირმა ერთ-ერთ ყველაზე ძველ ავტომწარმოებელთა სიას. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ”შკოდა” იმ მწარმოებლების ექსკლუზიური კლუბის წევრია, რომლებიც წელიწადში ერთ მილიონზე მეტ ავტომობილს აწარმოებენ. და რაკი დღეს ”შკოდას” დაბადების დღეა, მოდით, უკანა ხედვის სარკეში დაკვირვებით ჩავიხედოთ.

Auto Bild
L&K-ს ლოგო და მოტორიზებული ველოსიპედი. თუმცა ფირმის დამფუძნებლები თავიდანვე ავტომობილების წარმოებაზე ოცნებობდნენ და ეს ოცნება ოდნავ მოგვიანებით აიხდინეს

”ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მლადა ბოლესლავში უკვე 111 წელია ავტომობილები იწარმოება,” - ეს ”შკოდას” დირექტორთა საბჭოს წევრის, ბოჰდან ვოინარის სიტყვებია, - ”ლაურინმა და კლემენტმა თავის დროზე საძირკველი ჩაუყარეს უდიდეს წარმოებას და უდიდეს ისტორიას, რომლითაც დღეს მთელი ჩეხეთი ამაყობს. ჩეხეთში წარმოებულ ავტომობილებს მთელი მსოფლიო უდიდეს პატივს სცემს.”

და აი, პირველი ”შკოდა”, რომელიც მაშინ ქუჩაში გამოვიდა...

Auto Bild
პირველი ”შკოდა”, რომლის სახელწოდება იყო Skoda Voiturette A. სიტყვა ფრანგულია და ითარგმნება, როგორც ”მანქანუკა” ან, მარტივად ”პატარა მანქანა”

თავისი ხელითვე შესრულებული ავტომობილით ფირმის დამფუძნებლებმა ფაქტობრივად ოცნება აისრულეს. ისინი წლების მანძილზე ოცნებობდნენ ავტომობილის გამოშვებაზე. L&K-ს მიერ 1900 წელს გამოცემულ მოტოციკლების კატალოგში ვკითხულობთ: „Laurin & Klement - ველოსიპედების, მოტოციკლების და ავტომობილების ფაბრიკა მლადა ბოლესლავში (ბოჰემიის სამეფო)”.

1907 წელს მათ უკვე 9 განსხვავებული მოდელი შექმნეს - პატარა 2-ცილინდრიანი ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილით დაწყებული, 4-ცილინდრიანი სარბოლო ბოლიდით გაგრძელებული, ვიდრე ტრანსპორტერებამდე და მინიბუსებამდე. 1905-დან 1925 წლამდე ”შკოდამ” ჯამში 60 სხვადასხვა მოდელი შექმნა.

Auto Bild
გადაცემათა კოლოფს ჰქონდა 3 წინა და 1 უკუსვლის გადაცემა. ავტომობილი დაახლოებით 500 კილოგრამს იწონიდან. L&K-მ ჯამში Voiturette A-ს 44 ეგზემპლარი გამოუშვა


Auto Bild
ამძრაობას 7 ცხენის ძალის მქონე 2-ცილინდრიანი ძრავა უზრუნველყოფდა, რომლის მოცულობა 1005 სმ3 გახლდათ. მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ იყო.

1925 წლის 27 ივნისს კომპანია L&K მექანიკური ინჟინერიის კონცერნმა Skoda-მ შეისყიდა. ლაურინს ტექნიკური დირექტორის პოსტზე დარჩენის ნება დართეს. მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მთლიანად შეწყდა ველოსიპედების და მოტოციკლების წარმოება. სწორედ ამ დროს შეიქმნა კომპანიის ლოგო. 30-იან წლებში პირველად მოხდა ისე, რომ ერთი კონკრეტული მოდელის 5000 ეგზემპლარი გაყიდეს. მოდელის სახელწოდებას არ იკითხავთ? Skoda Popular.

Auto Bild
ეს იყო კომპანიის ოფიციალური ლოგო 2011 წლამდე, ეს კი მდიდრული ლიმუზინი Hispano Suiza (1926 წელი), რომელზეც ეს ლოგო პირველად გამოიყენეს. 

ცივი ომის დროს ”შკოდა” ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთი უმთავრესი სიამაყე იყო. ავტომობილები განსაკუთრებული პოპულარობით რუსეთში სარგებლობდნენ, თუმცა ”შკოდას” მანქანები პოპულარული იყო გდრ-შიც. უფრო მეტიც: გდრ-ში მანქანების 10 პროცენტი სწორედ ”შკოდას” მარკის იყო.

თუმცა ”შკოდა” ვერ მიჰყვებოდა იმ დროისთვის თანამედროვე ტენდენციებს და მხოლოდ 1964 წელს შეიქმნა უკანაძრავიანი მოდელი 1000 MB.
Auto Bild
1964 წელს წარმოდგენილი Škoda 1000MB - უკანა ამძრაობით და უკანა ძრავით

Auto Bild
”შკოდას” სამოდელო რიგიდან ბესტსელერი, რა თქმა უნდა, Octavia გახლდათ. ეს იყო ოჯახისთვის მშვენიერი მანქანა, ამ ფოტოზე კი 60-იანი წლების Octavia-ს ხედავთ

გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ”შკოდას” შესყიდვა ძალიან სურდა BMW-ს. უდიდეს ინტერესს იჩენდნენ ფრანგებიც - განსაკუთრებით ”რენო”. მაგრამ ”შკოდა” საბოლოოდ, 1991 წლის 16 აპრილს ”ფოლკსვაგენს” დარჩა და რამდენიმე წელიწადში ჩეხური ავტომწარმოებელი უკვე ევროპის 10 საუკეთესო მარკას შორის იყო.

აი, სერიოზული პროგრესი კი 1994 წლიდან დაიწყო, როცა მოდელი Felicia განახლდა, ორიოდე წლის შემდეგ კი ჩეხებმა ”ახალი” Octavia-ც წარმოადგინეს. სწორედ ეს არის ”შკოდას” ისეთი მოდელი, რომელსაც მარკის სავიზიტო ბარათი უნდა ვუწოდოთ.

Auto Bild
ახალი ლოგო 2011 წლიდან

2005 წლიდან ”შკოდა” გერმანიაში ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია, ისე კი, მარკა განსაკუთრებით ძლიერია ჩინეთის ბაზარზე, სადაც წელიწადში დაახლოებით 230 000 მანქანას ყიდის, გერმანიაში კი - 140 000-ს. საერთო ჯამში ”შკოდა” 100 ქვეყანაში იყიდება ოფიციალურად და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც. დღესდღეობით ”შკოდას” ყველაზე გაყიდვადი მოდელებია Fabia და, რა თქმა უნდა, უკვდავი Octavia. ”ფოლკსვაგენის” კონცერნისთვის კი შკოდა უკვე დიდი ხანია, წარმატების გარანტიაა.

”შკოდა” ავტომობილებს დღემდე აწარმოებს ჩეხეთში, მლადა ბოლესლავის ისტორიულ ქარხანაში. გარდა ამისა, ქარხნები აქვს კვასინიში და ვრჩლაბში (ასევე ჩეხეთი). ჩეხეთის მიღმა, ”შკოდას” მარკის ავტომობილები იწარმოება ჩინეთში, რუსეთსა და ინდოეთშიც. კომპანიას თითქმის 25 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და დღემდე 18 მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი