BMW-ს ახალი მე-5 სერია - რა შეუძლია ბავარიულ ბიზნეს-სედანს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

BMW-ს ახალი მე-5 სერია - რა შეუძლია ბავარიულ ბიზნეს-სედანს

BMW-ს ახალი მე-5 სერია - რა შეუძლია ბავარიულ ბიზნეს-სედანს მაშ ასე: თქვენ წინაშეა G30 – BMW-ს ”მეხუთე სერიის” ახალთახალი, რიგით მეშვიდე თაობა. AUTO BILD-მა შემოდგომის უმთავრესი ავტოსიახლე უკვე გაიცნო , ახლა კი თქვენ გაგაცნობთ!
Auto Bild
თავდაპირველად ჩამოვთვალოთ ხუთი მთავარი ფაქტი ახალი BMW 5er-ის შესახებ

• ავტომობილის გაყიდვები 2017 წლის 11 თებერვალს იწყება და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 40 000 ევრო იქნება.

• გაყიდვების სტარტზე ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება 4 ძრავით, რომელთა სიმძლავრე 190-დან 340 ცხენის ძალამდეა. მარტიდან ხელმისაწვდომი გახდება 8-ცილინდრიანიც (462 ცხენის ძალა).

• ახალი ”მეხუთე სერია” წინამორბედ მოდელზე 100 კილოგრამით მსუბუქია

• ახალ ”მეხუთე სერიაში” შეხვდებით iDrive-ის სრულიად ახალ თაობას

• ახალ ”მეხუთე სერიაში” წინამორბედზე გაცილებით მეტი ასისტენტ-სისტემაა

Auto Bild

F-ის შემდეგ მოდის G - ეს მხოლოდ ლათინურ ანბანში კი არა, BMW-შიც ასეა. ახალი BMW 5er-ის ქარხნული კოდი G30 გახლავთ და 2017 წლის თებერვლიდან სწორედ ეს მოდელი შეცვლის წინამორბედ ”მეხუთე სერიას”, F10-ს. ამრიგად, ბავარიული მაღალი კლასის სედანის ”მეშვიდე თაობა” კონკურენციას გაუწევს Mercedes E-კლასს, რომელიც 2016 წლის აპრილიდან იყიდება და ასევე ახალი მოდელია. აქვე ვთქვათ, რომ ”აუდი” თავისი A6-ის ახალ მოდელს ასევე 2017 წელს გამოუშვებს და ბარემ ისიც დავამატოთ, რომ როგორც ინგოლშტადტელები აანონსებენ, ახალი A6, ”E-კლასისგან” და ”მეხუთე სერიისგან” განსხვავებით, სრული ავტოპილოტით იქნება აღჭურვილი. თუმცა ამაზე სხვა დროს...

Auto Bild

დღეს ამ კლასში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ასისტენტ-სისტემები, მულტიმედია, კომფორტი და, რა თქმა უნდა, დახვეწილი დიზაინია. სწორედ ამ ყველაფერს გვთავაზობს ახალი BMW 5er-იც, რომელიც ვიზუალურად მძლავრადაა ორიენტირებული თავისი დიდი ძმისკენ - ”მეშვიდე სერიისკენ”. თუმცა ახალ ”მეხუთე სერიასა” და ”მეშვიდე სერიას” შორის კავშირი ვიზუალით არ ამოიწურება - 5er-მა 7er-ისგან ტექნიკაც უხვად მიიღო. BMW 5er ზომაში გაიზარდა და გარდა ამისა, ”მეშვიდე სერიისგან” მიიღო პლატფორმა, დაკიდების სისტემა, 10,5-დუიმიანი ეკრანი და სავარძლებიც კი. ერთადერთი, ”მეშვიდე სერიაში” გაცილებით მეტი კარბონია, ახალ 5er-ში კი ალუმინი ჭარბობს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ბევრი კარბონი ”მეხუთე სერიისთვის” ძვირი სიამოვნება იქნებოდა. კაპოტი, საბარგულის სახურავი და კარები მთლიანად ალუმინის აქვს. შედეგად, ავტომობილმა წონაში დაახლოებით 100 კილოგრამი დაიკლო. ძარის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,22 გახლავთ, რაც წინამორბედ მოდელზე 10 პროცენტით ნაკლებია.

Auto BildAuto Bild

BMW ახალ ”მეხუთე სერიაში” წინამორბედზე მეტ სივრცეს და კიდევ უფრო კომფორტულ და ხარისხიან ინტერიერს გვთავაზობს. სიახლეა ოფციური კომფორტული სავარძლები 8 სახის მასაჟის ფუნქციით.

Auto Bild

ბავარიელები ”მეხუთე სერიაში” V12 ძრავას, რა თქმა უნდა, არ გვთავაზობენ, მაგრამ ყველაზე მძლავრი ხელმისაწვდომი აგრეგატის მონაცემები ძალიან მიმზიდველია. საუბარია 4 ლიტრი მოცულობის მქონე 8-ცილინდრიან ტვინ-ტურბოზე, რომლის სიმძლავრე 462 ცხენის ძალა გახლავთ (მაბრუნი მომენტი: 650 ნმ). ამ ძრავით აღჭურვილი BMW 5er 100 კმ/სთ-მდე 4 წამში აჩქარდება. თუმცაღა, 8-ცილინდრიანის შეკვეთა მხოლოდ მარტიდან იქნება შესაძლებელი. მანამდე კი, კერძოდ თებერვლიდან, ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება 4 ძრავით. ეს ვერსიებია: BMW 530i (2.0, 4-ცილინდრიანი, 252 ცხენის ძალა); BMW 540i (3.0, 6-ცილინდრიანი, 340 ცხენის ძალა); BMW 520d (2.0, 4-ცილინდრიანი დიზელი, 190 ცხენის ძალა) და BMW 530d (3.0, 6-ცილინდრიანი დიზელი, 265 ცხენის ძალა).

Auto Bild

ახალი ”მეხუთე სერიის” არსენალში, რა თქმა უნდა, არის სრული ამძრაობა XDrive 4WD, რომელიც ავტომობილის ყველა ვერსიაში ხელმისაწვდომია. გარდა ამისა: აქტიური სტაბილიზატორები ადაპტირებადი ამორტიზატორებით და, ცხადია, მანქანას აქვს მართვის რამდენიმე რეჟიმი - ეკო პრო, კომფორტი, სპორტ პლუსი და ადაპტირებადი. ამ ყველაფერს ემატება ასისტენტების კასკადი - მათ შორის გაუმჯობესებული კრუიზ-კონტროლი, ფუნქცია Intelligent Speed Assist, სხვა ზოლში ავტომატურად გადასვლის სისტემა და ა.შ. რაც ყველაზე საინტერესოა, გარკვეული ფუნქციების მართვა შესაძლებელია ჟესტებით.
Auto Bild

BMW-ს ახალი ”მეხუთე სერია” 2017 წლის მოდელი გახლავთ და მისი გაყიდვები, როგორც უკვე ვთქვით, 11 თებერვალს იწყება. ავტომობილის უფრო დეტალურ წარდგენას ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მომდევნო, ნოემბრის ნომერში გაეცნობით.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი