"საერთაშორისო არენაზე რუსეთთან მიმართებაში პოზიციების დათმობის სამაგიეროდ ჩვენ ვერაფერი მივიღეთ" » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"საერთაშორისო არენაზე რუსეთთან მიმართებაში პოზიციების დათმობის სამაგიეროდ ჩვენ ვერაფერი მივიღეთ"

"საერთაშორისო არენაზე რუსეთთან მიმართებაში პოზიციების დათმობის სამაგიეროდ ჩვენ ვერაფერი მივიღეთ"„რუსეთი ტრადიციულად არ სცემს პატივს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებსა და ხელმოწერილ შეთანხმებებს და ამაზე ძალიან ხატოვნად ჯერ კიდევ ბისმარკი მიუთითებდა თავის, აფორიზმად ქცეულ გამონათქვამში რუსეთის შესახებ“ – ასე აფასებს „აქცენტთან“ საუბრისას პოლიტოლოგი და დიპლომატი, პროფესორი ნიკოლოზ ვაშაკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ არ არსებობს.

„ის, რასაც ეს ქვეყანა ბოლო პერიოდში აკეთებს, თავისი უმსგავსობით უკვე უპრეცედენტო მასშტაბებს იძენს. პუტინის რეჟიმის პირობებში რუსეთის ფედერაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც ცინიკური ხულიგანი საერთაშორისო არენაზე და მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ამ ფაქტის კიდევ ერთი გამოკვეთილი, ნათელი დადასტურებაა.

ისმის მარტივი კითხვა: თუ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს თავისი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს და ამას ღიად აცხადებს, მაშინ რა ფასი აქვს კარასინ-აბაშიძის ფორმატში მიღწეულ შეთანხმებებსა და საერთოდ „ქართული ოცნების“ ე.წ. ახალ „პრაგმატულ კურსს“ ამ ქვეყანასთან ურთიერთობებში? ის რომ ამ კურსს აზრი არ აქვს, ცხადად მიუთითა თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის კომენტარში. ქართული მხარის განცხადებას ოთხწლიანი ძალისხმევის შედეგების შესახებ მან უარყოფით და დაცინვით უპასუხა და წარმოაჩინა საქართველო როგორც უკიდურესად დესტრუქციული მხარე.

ეს არის სწორედ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობის მკაფიოდ ამსახველი სურათი. საერთაშორისო არენაზე რუსეთთან მიმართებაში პოზიციების დათმობისა და საქართველოს ოკუპაციის პრობლემის დეაქტუალიზაციის სამაგიეროდ ჩვენ ვერაფერი ვერ მივიღეთ. ეს მოსალოდნელი იყო და ვისაც რაღაცა გაეგება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში, ამაზე თავიდანვე მივუთითებდით“ – განუცხადა „აქცენტს“ ვაშაკიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ არ არსებობს.

უწყების განცხადებით, დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ საქართველოს „ყოფილ ტერიტორიაზე“ არსებობს ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფო“, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს შიდა და საგარეო პოლიტიკას და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მათ შორის „საზღვრების კეთილმოწყობისა და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერების“ გზით.

რუსეთის საგარეო უწყება ადანაშაულებს ოფიციალურ თბილისს, რომ ის რეალობისგან შორს არის.

 

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი