იმპორტიორები: 2–3 კვირაში პროდუქტები 10–15%–ით გაძვირდება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იმპორტიორები: 2–3 კვირაში პროდუქტები 10–15%–ით გაძვირდება

უკვე 1 თვეზე მეტია საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი მატულობს. საქართველოს საბითუმი ბაზარზე და მცირე ავტოგასამართ სადგურებში საწვავი ცოტათი გაძვირდა. დიდი ალბათობით მას მსხვილი კომპანიებიც აუბამენ მხარს. ყველაზე მეტ დისკომფორტს მომხმარებელს შაქრის ფასი უქმნის. 1 წელიწადზე მეტია მსოფლიოში შაქრის ფასი შეუჩერებლივ მატულობს. რასაკვირველია ადეკვატური გავლენა მან ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა. ბოლო 2 კვირაში ფასმა 15 თეთრით მოიმატა და 2 ლარს გადააჭარბა.

აქამდე თუ წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ფასების მიმართ მეტ-ნაკლებად იჩენდნენ სიფრთხილეს, არ არის გამორიცხული, ამიერიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ერთბაშად გაძვირდეს.

იმპორტიორთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ფასზე მნიშვნელოვან ცვლილებას ლარის გაცვლითი კურსი მოახდენს. თუკი კურსი გეზს გამყარებისკენ არ აიღებს, სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდება.

იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სადისტრიბუციო კომპანია `გრანდის~ დამფუძნებელი ივა ჭყონია არ მალავს, რომ ნოემბრიდან ცვლილებას გეგმავს.

“უახლოეს მომავალში პოდუქტზე ფასი აიწევს. მე, როგორც ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და იმპორტიორმა, ჯერ კიდევ ზაფხულში გავამახვილე ყურადღება მოსალოდნელ გაძვირებაზე და ჩემი ვარაუდი გამართლდა. რეალურად ლარმა იმედი გაგვიწბილა. ზაფხულში აქტიურობა იყო და იმედი გვქონდა, კურსი შეიცვლებოდა. ნაცვლად იმისა, რომ ცოტათი მაინც გამყარებისკენ აეღო გეზი, გაუფასურება დაიწყო და ლამის შარშანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ეროვნულ ბანკს გარკვეული ინტერვენციები დასჭირდა ლარის დასაჭერად, მაგრამ საქმეს ვერც ეს შველის.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ძნელად სავარაუდოა კურსი დასტაბილურდეს. აქედან გამომდინარე, კომპანიების საფასო პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება. ბევრი ფაქტორია ისეთი, რომელიც ბაზარზე იმოქმედებს. პირადად მე მომიწევს მომავალი თვის ბიუჯეტი აბსოლუტურად სხვანაირად გავთვალო. თუ სერიოზული რყევა არ დაფიქსირდება და ლარი დარჩება ამ ნიშნულზე, შევეცდები ფასები შევინარჩუნო, მაგრამ თუკი კურსი 2,4-ის ნიშნულს მიუახლოვდა, გაძვირება მომიწევს”, – აცხადებს ჭყონია და დასძენს, რომ საკვების ფასზე გარკვეულ გავლენას ნავთობპროდუქტების გაძვირებაც მოახდენს.

“რამდენიმე მიზეზთან ერთად საწვავის ღირებულებაც ნეგატიურად მოქმედებს, რადგან ლოგისტიკას ფასის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი იმდენად დაბალია, რომ მცირე სხვაობაც მომხმარებელზე მტკივნეულად მოქმედებს.

ჩემი აზრით, მინიმუმ 10-15%-ის ფარგლებში მოგვიწევს გაძვირება. თავიდან ბოლომდე ლარის კურსზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზარზე თითქმის ყველაფერი ძვირდება და ლარმა თუ არ დააბალანსა ეს პროცესი, ფასის ზრდა გარდაუვალია”, – დასძენს ივა ჭყონია.

ანალოგიური მოსაზრებისაა კომპანია “დუს” ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი. ის ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა სახის სასურსათო პროდუქტი გაუძვირდა.

“ტენდენცია საერთაშორისო ბაზრებზე არასახარბიელოა, ვფიქრობ, სურსათი ისევ გაძვირდება, თანაც საგრძნობლად. ჯერ ნაშთის ხარჯზე ისევ ძველი ფასი გვიდევს. ადრინდელი ხელშეკრულებით ვმუშაობთ, ინვოისები გაწერილია ერთი თვის წინ. ახალი პარტია რამდენიმე კვირაში შემოვა და ბაზარსაც დაეტყობა. სხვა ვალუტები რომ მყარდება დოლარის მიმართ და ლარი უფასურდება, ეს იმპორტისთვის ძალიან ცუდია. როდესაც პირიქით ხდება, მაშინ კარგია”, – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი და დასძენს, რომ თუ ადრე იმპორტიორ ქვეყნებში, მაგალითად 1000 დოლარს რიცხავდნენ გარკვეული ხარჯისთვის, ახლა ეს საკმარისი აღარ არის.

“შეიძლება ეს მდგომარეობა ექსპორტიორებს ხელს აძლევს, ხელფასებს ლარში გასცემენ, მეტ ხარჯს ისტუმრებენ, მაგრამ იმპორტიორებს პროდუქტს ძალიან გვიძვირებს. რა ხდება აქ ვეღარ ვიგებთ. მსოფლიოში დოლარი აღარ მყარდება, ჩვენ კი ისევ პრობლემა გვაქვს – ლარი უფასურდება და თუ არ შეჩერდა ეს პროცესი, ძალიან მალე სამომხმარებლო ბაზარზე, გაძვირებული პროდუქტის სახით სავალალო შედეგს ვიხილავთ”, – აღნიშნავს დავით გოგიჩაიშვილი.

ქართველი იმპორტიორების არგუმენტს საფასო ცვლილებასთან დაკავშირებით ექსპერტები არ იზიარებენ. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლებელია, ბაზარზე ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებას და იმპორტიორების მხრიდან მოსალოდნელი გაძვირების დაანონსებაც ამით იყოს გამოწვეული. სოციალური საკითხების ექსპერტი ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, რომ გაძვირება, რა მაჩვენებელიც არ უნდა მოხდეს, მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

“ფასის ცვლილებას ყველაზე მტკივნეულად ხალხი აღიქვამს. არავის ვურჩევ იმპორტიორების პატიოსან სიტყვას ენდოს, არ ვიცი, “საერთაშორისო ფაქტორი” რეალურად რამდენად საერთაშორისოა. არ გამოვრიცხავ, მოსალოდნელი გაძვირების მიზეზი შიდა ბაზრის მონოპოლია და კარტელური გარიგება იყოს. ესეც გასარკვევია, ვერ ვენდობი იმპორტიორების სიტყვას. რამე საზოგადოებისთვის მისაღები არგუმენტი თუ არ დასახელდა, სამომხმარებლო ფასების ზრდა მთავრობის იმიჯზე ცუდ გავლენას მოახდენს. ხალხი არასდროს არის მზად, ასეთი ნეგატიური ფაქტების აღსაქმელად”, – აცხადებს კაპანაძე.

იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ოქტომბრის ბოლოდან, როდესაც ბოსტნეული გაძვირებას დაიწყებს, მათი პროდუქტის რეალიზაცია შედარებით გაიზრდება. საყურადღებოა ისიც, რომ ხილი არც ამ ეტაპზეა იაფი. ბევრს მისი შეძენის შესაძლებლობა შემოდგომაზეც არ აქვს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი