დავით უსუფაშვილი - შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით უსუფაშვილი - შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება



შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უკვე გავლილია კენჭისყრის პროცედურის ორი მესამედი, დარჩენილია კიდევ ერთი მესამედი.
„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს აქვს საშუალება თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა. 

უსუფაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა ხარვეზის თაობაზე, მაგრამ „ამას ჯერჯერობით ხარვეზებს არქმევს, ვინაიდან სერიოზულ დარღვევებზე ჯერ არ და ვერ საუბრობენ“.

„ჩვენი წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბანზე კიდევ უფრო დაკვირვებით მიადევნებენ თვალს შემდგომ პროცესებს, ვინაიდან ეს ბოლო ერთი მესამე, ბოლო საათები არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ამომრჩევლებს, ნუ დარჩებით სახლში. მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს მომავლის ფორმირებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, აქტივობა ამომრჩევლის არის მაღალი, მაგრამ არასაკმარისად მაღალი იმისთვის, რომ მომავალი პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობებს.

როგორც „რეპსუბლიკური პარტიის“ ლიდერმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციები ძირითადად უმკლავდებიან თავის საქმეს, მაგრამ უსუფაშვილმა მათ მოუწოდა, რომ ბოლო საათებში და 20:00 საათის შემდეგ იყვნენ კიდევ უფრო მობილიზებულები, „ვინაიდან ცალკეულ ადგილებზე გამოცდილების ნაკლებობა შეინიშნება და ეს ორგანიზებას უშლის ხელს“.

„ყველას ვთხოვ მივეხმაროთ ერთმანეთს, რადგან ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება ყველა პოლიტიკური პარტიის ვალია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მზადდება ეგზიტპოლების შედეგები და „რესპუბლიკური პარტია“ არ აპირებს იგლოვოს და არც იზეიმოს ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე.

„ჩევნ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე. ჩვენ დაველოდებით საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, თუ რა შედეგი გვაქვს და როგორ გვაქვს. მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან, მაგრამ დავაცადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას შედეგების დათვლა და გამოქვეყნება, მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც შეიძლება იყოს დაგეგმილი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ყველას ეყოფა კეთილგონიერება, რომ თუ იქნება რაიმე პრობლემა არჩევნების განმავლობაში, მისი მოგვარება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

„ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას“, - განაცხადა უსუფაშვილმა და ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი