ქეთი ჟღენტი – 17 წლის ქართველი მოდელის პარიზული წარმატება » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთი ჟღენტი – 17 წლის ქართველი მოდელის პარიზული წარმატება

ქეთი ჟღენტი – 17 წლის ქართველი მოდელის პარიზული წარმატებაქალაქის ქუჩებში იშვიათად შეხვდებით ასეთ ლამაზ, გრძელფეხება, ეფექტურ გოგოს. 17 წლის ქეთი ჟღენტი მოდელია.

მისი ვიზუალური მხარე არ გაგაკვირვებთ თუ გეტყვით, რომ დედამისი ცნობილი მოდელი, ლიკა შენგელიაა. დღეს გადავწყვიტეთ ახლოს გაგაცნოთ ეს პატარა გოგონა, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და 17 წლის ასაკში დიდ წარმატებას მიაღწია.

– ის პერიოდი, როცა დედა მოდელი იყო, საერთოდ არ მახსოვს. ბავშვობიდან ჩოგბურთით ვიყავი გატაცებული. ათი წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული. მაგრამ იმის გამო რომ გარშემო სულ მოდელები მყავს (დედას მეგობრებს ვგულისხმობ), რომ წამოვიზარდე, ინტერესი თავისთავად გაჩნდა.
– დედას უნდოდა, მის გზას გაჰყოლოდი?
– თვითონ არ გამოუჩენია ინიციატივა, თავად გადავწყვიტე.
– რა ასაკიდან ჩაერთე მოდის სფეროში?
– პირველად „თბილისის ფეშენ ვიკზე“ რომ გამოვედი, 14 წლის ვიყავი.
– ნერვიულობდი?
– სხვათა შორის, არ მინერვიულია, არც ქუსლზე სიარული გამჭირვებია. პირველივე გამოსვლის მერე ძალიან მომეწონა ეს სფერო. თავიდან „ჯეო მოდელსის“ მოდელი ვიყავი. ახლა, უკვე ორი წელია ნინო ცქიტიშვილთან „ლუქ მოდელში ვარ“.
– მიამბე შენს წარმატებებზე…
– ბაქოში ერმანო შერვინოს ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. მე დავხურე შოუ. 15 წლის ვიყავი, პარიზში რომ წავედი.
– მარტო წახვედი?
– თავიდან, ერთი კვირა დედა გამომყვა, მასწავლა რა როგორ უნდა გაამეკეთებინა და დამტოვა. სირთულეების მიუხედავად, კარგი იყო მარტო ყოფნა.
– რა იყო ყველაზე რთული?
– მარტო რომ დავდიოდი ყველგან, მეტროთი, თან გზებიც არ ვიცოდი. ენის ბარიერი არ ყოფილა რთული, ვიცი ინგლისურიც და რუსულიც. დავიმეგობრე რუსი, უკრაინელი და ჩეხი გოგონები, რომლებიც ჩემსავით თანამშრომლობდნენ იმავე სააგენტოსთან და ყველგან ერთად დავდიოდით. ანაზღაურება იმდენი მქონდა, რომ იქაური ხარჯები თავად დავფარე.
– პარიზულ წარმატებებზე რას მეტყვი?
– ჩვეულებრივი ჩვენებებიც მქონდა, მაგრამ მთავარი წარმატება მაინც „ესკადას“ ჩვენება იყო. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა რა ან ვინ იყო „ესკადა“ (იცინის). დედას რომ ველაპარაკე და ვუთხარი ამ ჩვენების შესახებ, ძალიან გაეხარდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს წარმატება იყო. 2 თვე ვცხოვრობდი პარიზში. დიდი გამოცდილება მივიღე. არ იყო იოლი იქ ცხოვრება. დილის 8 საათიდან ღამის 10 საათამდე ქასთინგებზე დავდიოდით.
– ის ორი თვე გაპატიეს, ალბათ, მასწავლებლებმა. როგორც ვიცი, სკოლის მოსწავლე ხარ…
– კი, დამამთავრებელ კლასში გადავედი, ევროპულ სკოლაში ვსწავლობ. მაპატიეს, მაგრამ რომ დავბრუნდი, ბევრი ვიმეცადინე და დავეწიე პროგრამას. დედა მირჩევს, სწავლას მეტი დრო დავუთმო. მეც იგივე აზრზე ვარ, ძალიან მომწონს მოდელობა, მაგრამ, პარალელურად, მინდა კარგად ვისწავლო, რომ კარგ უმაღლეს სასწავლებელში მოვხვდე. თან, ჩვენ ქვეყანაში, მოდელებზე არც ისე კარგი შეხედულება აქვთ, მინდა ეს სტერეოტიპი დავამსხვრიო.
– სამომავლო გეგმებში რა გაქვს?
– ჰონკონგში მივდივარ. იქ ყველაზე მაგარმა სააგენტომ, „ელიტმა“ ამარჩია და მიმიწვია. აგვისტოს დასაწყისში წავალ. მექნება ჩვენებები, გადაღებები და ამ მხრივ კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებ.
– ახლა მითხარი სახლში კიდევ თუ გყავთ შენსავით მაღალი და ლამაზი გოგო-ბიჭები…
– ჩემი ძმა, ბუბუ, 15 წლის არის და ჩემზე მაღალია, თინი 4 წლის არის, რეზი – ოთხის. მალე ერთი ძმა კიდევ გვეყოლება, დედა ფეხმძიმედ არის. ძალიან მინდოდა და, მაგრამ…
– ყველა ერთ სახლში ცხოვრობთ? ოჯახში, ალბათ, მხიარულება გაქვთ.
– (იცინის). ჰო, მე და ჩემი ძმა ძირითადად გასულები ვართ, ხან მასწავლებლებთან, ხან მეგობრებთან, მაგრამ პატარები არ აწყენენ დედას. თან, თინი მამასთან ცხოვრობს, მამას და დედას მეორე ოჯახები აქვთ. მამის მხრიდან მყავს თინი.
– მამინაცვალთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
– ძალიან კარგი, იგივე მამაა, ვერც აღვიქვამ რომ უცხო ადამიანია ჩემთვის.
– რამდენი წლის იყავი დედა და მამა რომ დაშორდნენ?
– 7-8 წლის, ზუსტად არ მახსოვს.
– განიცადე მშობლების დაშორება?
– არა. უკონფლიქტოდ, მშვიდად მოხდა ყველაფერი. დღემდე ხან მამასთან ვარ, ხან – დედასთან. არც ერთის ნაკლებობას არ განვიცდი.
– პროფესია არჩეული გაქვს უკვე?
– ჯანდაცვის მენეჯმენტზე მინდა ჩავაბარო.
– ჯანდაცვის მინისტრი გინდა გახდე?
– (იცინის) გამორიცხული არაფერია. ექიმობაზეც ვფიქრობდი, ბებია ექიმი მყავს, ქირურგობა მინდოდა, მაგრამ კიდევ ცხრა წელი სწავლა არ შემიძლია.
– თაყვანისმცემლებზე რას მეტყვი?
– თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ მე არავინ მომწონს ჯერჯერობით.
– უცნაური თაყვანისმცემლებიც გყავს?
– კი, მყავს. ერთი ბიჭი ვარდებს მიგზავნიდა, სადაც მივდიოდი ყველგან მახვედრებდა. არ ესმოდა, რომ არ მომწონდა.
– ვარდები არ გიყვარს?
– ვარდები ძალიან მიყვარს, ის ბიჭი არ მომწონდა. ზოგი სათამაშოებს მიგზავნის, ზოგი შოკოლადებს.
– დედამ იცის ხოლმე შენი თაყვანისმცემლების შესახებ?
– იცის, დედასთან ვმეგობრობ, ყველაფერს ვუყვები.
– სუხიშვილებში ცეკვავდი…
– თავიდან „ერისიონში“ ვცეკვავდი, მერე სუხიშვილებში გადავედი, მაგრამ დიდი ხანი ვერ ვიარე, სწავლისთვის დრო აღარ მრჩებოდა. დედას უნდოდა, რომ მეცეკვა… მეც მინდოდა, მაგრამ ეტყობა ძალიან არ მინდოდა, რადგან მოდელობა ვარჩიე. ორივესთვის დრო აღარ მრჩებოდა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი