ეკა ჩხეიძე: – „ერთხელ მკითხა ქმარმა… მართლა კოცნიდიო“ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკა ჩხეიძე: – „ერთხელ მკითხა ქმარმა… მართლა კოცნიდიო“

ეკა ჩხეიძე: – „ერთხელ მკითხა ქმარმა… მართლა კოცნიდიო“უცნაურია, მაგრამ, მედეა ჩახავას შვილიშვილი და თემურ ჩხეიძის შვილი, ცხოვრებაში არავისტი არ ვყოფილვარ, მიტინგზეც არასდროს წავსულვარ. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, მიტინგი თვითონ მოდის ხოლმე ჩემთან.

ამდენწლიანი თეატრალური კარიერის შემდეგ ისევ შიშზე საუბრობს, მშიშარა მსახიობი ვარო, აცხადებს ეკა ჩხეიძე. სწორედ ამ შიშის ბრალია, რომ არაერთხელ თქვა უარი ყველა შემოთავაზებაზე, რომელიც სატელევიზიო სერიალს ეხებოდა. ბოლოს მიხვდა, რომ მარტო დარჩა და გარისკა, შექმნა გმირი „ჩემი ცოლის დაქალებში“, საპრეზიდენტო კანდიდატი, მკაცრი, ჭკვიანი და ძლიერი, კატა ჯიქია.

ვინ არის მსახიობის მთავარი კრიტიკოსი ოჯახში, აპროტესტებდა თუ არა არქიტექტორი ქმარი მის პიკანტურ სცენებს თეატრში და როგორ აფასებენ დედის პროფესიას 25 წლის ინანო და 12 წლის დათა, ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

– ეკა, თეატრის მსახიობების უმეტესობას, არ მოსწონთ, როცა მაყურებელი სერიალიდან იცნობს…

– მხოლოდ ცნობადობაზე არ არის საქმე… სერიალი გშტამპავს. ჯერ მხოლოდ ორ სერიაში გამოჩნდა ჩემი გმირი და უკვე „კატას“ მეძახიან. იმას არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ, მსახიობისთვის არც ისე კარგია, ტელევიზიას აქვს ეს თვისება, ყველა ოჯახის წევრი ხდები და შემდეგ იმ გმირთან ასოცირდები, რომელსაც თამაშობ. ეს, ალბათ, რეჟისორზეც მოქმედებს, ძალიან ვცდილობ, არ იყოს ჩემი გმირი ზედმეტად სახასიათო ტიპი, რომ მერე მთელი ცხოვრება არ ვზიდო, ერთი გმირი.

– ამაზე იფიქრეთ, როცა სერიალში თამაში შემოგთავაზეს?

– არ ვიპრანჭები, გულწრფელად გეუბნებით, რომ მშიშარა მსახიობი ვარ. ჩავარდნის, წარუმატებლობის ყველას ეშინია, ამას არ ვგულისხმობ, გადამეტებული თვითკონტროლი მჭირს, მქონია როლები, რომელიც მოსწონს მაყურებელს, მაგრამ ჩემიანები არასდროს დამიპატიჟებია ჩემს სპექტაკლებზე, არასდროს არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, მგონია, რომ ბოლომდე ვერ გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი. ამიტომ ყოველთვის ვფრთხილობდი, ბევრჯერ მითქვამს უარი სერიალში თამაშზე. ამით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მსახიობმა ყოველთვის უნდა იმუშაოს, არ უნდა თქვას უარი როლზე, რაც უნდა უმნიშვნელო და ეპიზოდური იყოს, მაგრამ მე, ამ მხრივ, სხვანაირი ვარ. მირჩევნია არ გავაკეთო, ვიდრე ეჭვი მეპარებოდეს, გამომივა თუ არა. ამ სერიალზე რომ დამიძახეს, უკვე მეშვიდე სეზონი იყო. მივხვდი, რომ ყველაზე ყურებად სერიალში მეძახიან. რატომ არის რეიტინგული? იმიტომ რომ კარგი სცენარია, კარგი რეჟისორი, პროდიუსინგი, მსახიობები. თან მივხვდი, რომ მარტო დავრჩი გარეთ, ყველა მსახიობი ამ სერიალში თამაშობს (იცინის), გადავწყვიტე შიში დამეძლია და უარი აღარ მეთქვა. დღეს სერიალების ეპოქაა, ყველა ქვეყანაში სერიალებს მიაქვს ტელევიზია. დავთანხმდი. რა გამოვა, მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ჯერ მხოლოდ იწყებს „კატა“ არსებობას.

– თვითონ უყურებთ ამ სერიალს?

– საკუთარი თავის ყურება არ შემიძლია, მერე, საერთოდ ვერ ვუყურებ სერიალებს. პროფესიული სიძულვილი მჭირს სერიალების მიმართ, ავად ვარ, 15 წელია სერიალებს ვახმოვანებ. „რუსთავი 2“-ზე სერიალი არ გასულა 8 საათზე, მე რომ არ გამეხმოვანებინოს… ეკრანზე საკუთარი თავი არ მომწონს, ბევრ რამეს შევცვლიდი, სინანული მაქვს ხოლმე, ეს როგორ გამომრჩა, ამის გაკეთება სხვანაირად შეიძლებოდა… სცენაზე ჩემს თავს ვერ ვხედავ, ეს მიმარტივებს თეატრში არსებობას. ეკრანზე ჩემს თავს კრიტიკული თვალით ვუყურებ, თითქოს შარზე ვარ.

– კიდევ ვინ არის შარზე ოჯახში, ვინ გაკრიტიკებთ?

– ამ მხრივ მამაჩემს ვგავარ, მამაჩემმა საშინელი კრიტიკა იცის, მაგრამ თუ თქვა, რომ კარგია, მორჩა! ძალიან მომთხოვნია, მით უფრო თავისიანების მიმართ.

– რა თქვა, ბატონმა თემურმა, სერიალში რომ გნახათ?

– არ ვიცი, არ მითქვამს რომ ვთამაშობ, მგონი არც იცის. არ მგონია, თემური იჯდეს და სერიალებს უყურებდეს. რომ ენახა, რაღაცას მეტყოდა, მეც ჩუმად ვარ (იღიმება). ცოტა რომ მოვმაგრდები „კატას“ ამპლუაში, სათმელი მექნება და ვკითხავ, ხომ არ ნახე-მეთქი. თემური და დედაჩემი ჩემი მთავარი კრიტიკოსები არიან. დედაჩემს მოსწონს, უყურებს.

– მეუღლე?
|
– არა, ლევანი ზოგადად ტელევიზორს არ უყურებს. თეატრშიც ძნელად წასაყვანია. ჩემი ქალიშვილი კარგი მაყურებელია, სწორ შენიშვნებს მაძლევს. ბიჭი საერთოდ ნეიტრალური და უინტერესოა ამ მხრივ.

– ეკა, 26 წლის წინ გათხოვდით, იმ პერიოდში ჯერ კიდევ უკვირდათ მსახიობი ქალი, როგორ უნდა მოიყვანო ცოლად. თუ ყოფილა თქვენს ოჯახში ამ თემაზე ლაპარაკი?

– ჩემ გასაგონად არა, და ისე, არ ვიცი. ერთხელ კი მკითხა ქმარმა, რომელიღაც სპექტაკლზე, მართლა კოცნიდიო (იცინის), მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, მარჯანიშვილში დავდგით „ეუხენია ბალბო“, სადაც ვიხდი და ვრჩები ჩულქში და კორსეტში. ინანო და მამამისი იყვნენ სპექტაკლზე (მის მერე მგონი არც ყოფილა თეატრში ჩემი ქმარი), ინანო იღებდა სპექტაკლს. მერე მიყვებოდა, ამ სცენის დროს ხელი ჩამომაწევინა და მითხრა, რატომ იღებო (იცინის), თითქოს გადაღება რამეს შეცვლიდა.

– შენს „ფეისბუქზე“ ფოტოებს ვათვალიერებდი და მარჯანიშვილის თეატრის ალბომს გადავაწყდი. თითქმის ყველა სპექტაკლში საწოლში წევხარ… ხან რომელ პარტნიორთან, ხან რომელთან…

– სანამ მაქვს ლოგინში წოლის ასაკი, დავწვები (იცინის).

– ქალები ამბობენ, რომ ცალკე პროფესიაა მსახიობის ცოლობა. მსახიობის ქმრობა როგორია, რას ამბობს თქვენი მეუღლე?

– თუ მძიმე ხარ, მოღალატე და უნდობლობას იწვევ შენს მეორე ნახევარში, რა პროფესიისაც გინდა იყავი, რა მნიშვნელობა აქვს. რაც გათხოვილი ვარ, ღალატი არც მიფიქრია. არ ვიპრანჭები, დებილი ვარ, შეიძლება დღეს ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ, სანამ მე და ლევანი ერთად ვართ, ასე იქნება სულ. თუ სცენაზე ვიღაცის ლოგინში ჩაწოლა ან კოცნის სცენა დამჭირდა, ეს ცხოვრებაში არ გადმომიტანია. სიმართლე რომ გითხრა, არტისტებთან რომანიც არ მომნდომებია (იცინის). რომ ყოფილიყო ჩემი პარტნიორი ხავიერ ბარდემი, შეიძლებოდა დავფიქრებულიყავი (იცინის). „კრასავჩიკები“ არ მომწონს, ხავიერი მამაკაცურია, თავისი საქციელით, ქალთან დამოკიდებულებით, სექსუალობით. საკუთარ გარეგნობაზე რომ გიჟდებიან, ასეთი მამაკაცები არ მომწონს, სარკეს რომ ეკითხებიან, მე უფრო ლამაზი ვარ თუ ჩემი პარტნიორი ქალიო. ბრეტ პიტი არ მომწონს, მგონია, დიდ დროს უთმობს სარკესთან ტრიალს. არც ალენ დელონი მომწონდა არასდროს.

– სერიალს დავუბრუნდეთ, რით ჰგავხართ „კატას“?

– რითიც ამიყვანეს, იმით, ალბათ. პირდაპირობით, სიმკაცრით, თუმცა ცხოვრებაში ბევრად უფრო თბილი ადამიანი ვარ, ვიდრე ვჩანვარ. თუ არ ვიცინი, ყველა მეკითხება, რატომ ხარ გაბრაზებულიო.

– პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი ხართ სერიალში, ცხოვრებაში თუ გიფიარიათ პოლიტიკოსობაზე?

– არა, ცხოვრებაში არავისტი არ ვყოფილვარ, მიტინგზეც არასდროს წავსულვარ. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, მიტინგი თვითონ მოდის ხოლმე ჩემთან. მოვლენების ეპიცენტრში ვარ. ჩემს სახლში ყველა რევოლუცია ისმოდა, ისე თითქოს ტელევიზორი მქონოდა ჩართული. არ ვარ პოლიტიზირებული. არასდროს არც ერთი მთავრობის იმედი არ გამჩენია. ყოველთვის ერთმანეთის შეჯიბრში ატარებენ დროს, ერთმანეთის ლანძღვაში, დაძირვაში და ჯინაზე რაღაცების კეთებაში. ამაზე ირონიაც არის სერიალში. სწორედ ამიტომ მომწონს „ჩემი ცოლის დაქალები“, დღევანდელ რეალობას ასახავს, ნაცნობ სიტუაციებს გაჩვენებს, მავანს და მავანს, გვერდიდან შეუძლია საკუთარი თავის ყურება.

– თქვენი გმირი რომელიმე ქართველ პოლიტიკოს ქალს გაგონებთ?

– არ მინდა ვინმე კონკრეტული ვიყო. არც მიფიქრია ამაზე, ახლა დავფიქრდი. სალომე? ნინო ბურჯანაძე? არა! ახალი ტიპია, ახალი პერსონაჟი ქართულ პოლიტიკაში. ეს გმირი არის მაგალითი ძლიერი ქალისა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს მამაკაცი. მას შეუძლია თვითონ მართოს თავისი ცხოვრება, არ ჰყავს ქმარი, ოჯახი და სულ არ არის ამის გამო დეპრესიაში. გენდერულ თამასწორობასაც უსვამს ხაზს ჩემი გმირი. კაცები ცოტა პასიურები არიან ჩვენს ცხოვრებაში და ეს ამის მაჩვენებელიც არის. ძალიან გააქტიურდა ქალი. ბევრი ოჯახი ვიცი ქართულ რეალობაში, სადაც, ქალია შემომტანი. ეს, ალბათ, ტრაგედიაა კაცისთვის, მაგრამ ფაქტია, ვერაფერს ცვლის. სამწუხაროა, რომ მოძლიერდნენ ქალები, ეს საშინელებაა. ქალი სუსტად უნდა გრძნობდეს თავს მამაკაცის გვერდით, მაგრამ სად არიან ასეთი მამაკაცები? ამიტომ იძულებული ხდები გაძლიერდე. ამას წინათ ვფიქრობდი, ძალიან მინდა მქონდეს იმდენი ფული, რომ ყველას მე ვჭირდებოდე. სწორად გამიგეთ, საქმე მინდა მქონდეს იმდენი, რომ ჩემი შრომით ვიშოვო იმდენი, რომ სხვების დახმარება შევძლო… ახლა ცოტა მეშინია იმის, რომ დინებას მივყვები. პროფესია მაქვს ასეთი, დამოკიდებული ვარ, რეჟისორებზე, პარტნიორებზე, მაგრამ ცხოვრებაში ჩვენი, თუნდაც პოლიტიკური მდგომარეობით, დინებას მივყვებით. კაციშვილმა არ იცის რა იქნება ხვალ. ვგრძნობ, რომ ოქროს დრო მიდის. იცი, როგორი ხალხი ვართ, მე თუ კარგად ვარ, ჩუმად ვიქნებიო, ვფიქრობთ. ვიღაც გამოვა, იყვირებს, ვიღაცას მხარს დაუჭერს, მერე მადლობის ნიშნად მაღალ ხელფასს დაუნიშნავენ და მორჩა, რაღაში აინტერესებს გარეთ რა ხდება, მას ხომ აქვს კარგი ხელფასი, ხომ თბილად ზის სავარძელში. ზარმაცი ერი ვართ.

– თეატრში ახალ სპექტაკლს ხომ არ დგამთ?

– არა, ახალ სპექტაკლზე არ ვმუშაობ, ხომ გითხარი, დინებას მივყვები. ძველ სპექტაკლებში ვთამაშობ და ამ ეტაპზე მაქვს სერიალის და კიდევ ერთი ფილმის გადაღებები, აზერი რეჟისორის, კამრან შახმარდანის ფილმის. საკმაოდ საინტერესო სცენარია, მხოლოდ ორი მსახიობი, მე და აპოლონ კუბლაშვილი ვთამაშობთ. ფილმი ქალზე და მამაკაცზეა. გადაღებები თბილისში მიმდინარეობს. ქალს უყვარდება თავისზე ბევრად ახალგაზრდა ბიჭი და მთელი ეს ისტორიაა ფიმლში. როგორ მთავრდება, არ გეტყვით.

წყარო

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი