ქართველი ექიმი, რომელიც გერმანიაში კოლეგებს დიდ კონკურენციას უწევს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველი ექიმი, რომელიც გერმანიაში კოლეგებს დიდ კონკურენციას უწევს

 ქართველი ექიმი, რომელიც გერმანიაში კოლეგებს დიდ კონკურენციას უწევსარაოფიციალური მონაცემებით სადღეისოდ საქართველოდან 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაში იმყოფება. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, ვინაიდან ემიგრანტთა დაახლოებით 80% საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს. მათ შორის ჭარბობენ  ახალგაზრდები, რომელთაგან 5,1% საკუთარი პროფესიით მუშაობს, 67,5% კი - ფიზიკურად. მიგრაციის ძირითად მიზეზად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობები სახელდება.

„აქცენტის“ მკითხველს გვინდა გავაცნოთ ემიგრაციაში მყოფი ქართველი აზალგაზრდა  ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლაშვილი.

-  გიორგი, გვიამბეთ  რა ეტაპი გაიარეთ საქართველოში, სანამ გერმანიაში წასვლას გადაწყვეტდით?

- საქართველოში დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად კი 2008-2011 წლებში ვმუშაობდი ნ.ყიფშიძის სახელობის თბილისის ცენტრალურს საავადმყოფოში, რა დროსაც ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რასაც სამწუხაროდ მხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებში სწავლის პროგრამით არ იყო შესაძლებელი. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ თანამშრომლის, რომლებთან ერთადაც მომიწია იმ დროს მუშაობა. პრაქტიკებს კი  სხვადასხვა კლინიკებში გავდიოდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე რეზიდენტურის სახელმწიფო გამოცდა, რის შემდეგაც ვმუშაობდიმ.იაშვილის, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რეანიმაციის განყოფილებაში, უმცროს ექიმად.

-   როდის და რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გერმანიაში გაგრძელება?

- გერმანიაში 2011 წლის ზაფხულში გავემგზავრე. ქვეყნის დატოვება კი, საქართველოს კლინიკებში არსებულმა მდგომარეობამ და ამასთანავე დიპლომის შემდგომი განათლების არასახარბიელო სიტუაციამ გადამაწყვეტინა. მივხვდი, რომ ასეთ სამუშაო პირობებში მე ვერ შევძლებდი ჩემი საქმის პროფესიონლად ჩამოყალიბებას. კიდევ ერთი მიზეზი იყო მწირი ანაზღაურება, რაც სამწუხაროდ, ხშირად ტრანსპორტის საფასურადაც არ იყო საკმარისი, სხვა ხარჯებზე რომ არაფერი ვთქვათ. 

-  რა ეტაპი გაიარეთ იმისთვის, რომ სასურველი მიზნისთვის მიგეღწიათ?

-   თავდაპირველად გავიარე ენის კურსები, შემდგომ იყო ერთ სემესტრიანი მოსამზადებელი კურსი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ კი მივიღე ადგილი და დავიწყე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება. საერთო ჯამში 2 წელი ვისწავლე და ამ დროის განმავლობაში გავდიოდი, როგორც თეორიულ, ისე - პრაქტიკულ ნაწილს. ამასთანავე ვმუშაობდი იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, როგორც სტუდენტ თანაშემწე. ამ 2 წლის შემდეგ კი დავიწყე კლინიკების მოძიება და გავაგზავნე ჩემი დოკუმენტები სხვადასხვა ქალაქის კლინიკებში. ამათგან რამოდენიმეში გასაუბრებაზე მიმიწვიეს, რის შემდეგაც ერთდროულად 2 კლინიკიდან მომივიდა სამუშაო ადგილზე მოწვევა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად. საბოლოოდ კი არჩევანი გერმანიის წითელი ჯვრის კლინიკაზე შევაჩერე. აქაური სახელმწიფო გამოცდის საფუძველზე მივიღე გერმანული ექიმის ლიცენზია (Deutsche Approbation alsArzt) რაც საშუალებას მაძლევს შეუზღუდავი ვადით ვიმუშაო გერმანიაში. 

-  როგორი იყო უცხო ქვეყანასთან ადაფტაცია?

-  ადაფტაციის პერიოდი, შეიძლება ითქვას, მარტივად გადავლახე, რადგან მე და ჩემს მეგობრებს დაახლოებით ერთ პერიოდში მოგვიწია წამოსვლა და შესაბამისად, მარტოობის შეგრძნება არ გვქონია. ერთმანეთის გვერდში დგომა და ინფორმაციის გაცვლა ძალიან დაგვეხმარა გზის გაკვლევაში. გამიმართლა იმაშიც, რომ უნივერსიტეტში, სადაც მე ვსწავლობდი ძალიან ბევრი ქართველი სტუდენტი იყო, რომლებიც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის მეშვეობით იყვნენ ჩამოსულები და ამიტომ თავს უცხო გარემოში ვერ აღვიქვამდი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ იენაში ბევრი მონდომებული და ახლა უკვე წარმატებული ქართველი გავიცანი, რაც უფრო დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევდა.

-   რამდენად არის შესაძლებელი თავის უცხო ქვეყანაში დამკვიდრება?

-  მინდა ვთქვა, რომ გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი ცხოვრობს, რომლებზეც საქართველოში არ აქვთ ინფორმაცია. ისინი თავიან პროფესიაში ძალიან წარმატებულები არიან, რისი მიღწევაც არც თუ ისე მარტივია, რადგან შენ გიწევს ადგილობრივ კადრს გაუწიო კონკურენცია და მიხარია, რომ ამას შესანიშნავად ვართმევთ თავს, რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას სამედიცინო სფეროში, აქ ეს საკითხი ძალიან კარგად არის მოწესრიგებული და დაგეგმილი. ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ ექიმად მუშაობის პერიოდში, ბევრი გადამზადების კურსი, კონფერენციები და ამასთანავე სადოქტოროს დაცვა მოახერხო, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს კარგი კვალიფიციური ექიმის ჩამოყალიბებას.

-  რას ეტყოდით იმ სტუდენტებს, რომლებიც ახლა გეგმავენ სწავლის გაგრძელებას გერმანიაში?

-   ვეტყოდი მხოლოს იმას, რომ არასოდეს თქვან უარი იმ სურვილებზე და მიზნებზე, რაც ხშირად მიუღწევლად მიიჩნევა სხვის თვალში. მთავარი მონდომება და დაუზოგავი შრომაა, რისი შედეგიც ადრე თუ გვიან მიზნამდე მიიყვანთ.

 

ავტორი: ანი შაიაშვილი

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი