ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ 23 წლის გოგო დაიღუპა - ახლობლები ექიმის დასჯას მოითხოვენ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ 23 წლის გოგო დაიღუპა - ახლობლები ექიმის დასჯას მოითხოვენ

  ქუთაისში საკეისრო კვეთის შემდეგ 23 წლის გოგო დაიღუპა - ახლობლები ექიმის დასჯას მოითხოვენქუთაისში საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, პაციენტი ქირურგის მიერ დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.

გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა "ბომონდის" ქირურგს, მამუკა  მიქაძეს ადანაშაულებენ.

, მიქაბერიძე კლინიკა "ბომონდში" მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მიიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთის შემდგომ, პაციენტს, ოჯახთნ შეთანხმების გარეშე მეორე ოპერაციაც ჩაუტარეს, რის შემდეგაც გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.


"დაგვამშვიდეს საკეისრომ მშვიდობიანად ჩაიარაო, თუმცა არ გაუმხელიათ, რომ პირველ ოპერაციაზე საშვილოსნოს ამპუტაცია მოხდა. ვფიქრობთ, ექიმმა შედცდომა დაუშვა, სიტუაცია გართულდა და ამიტომ დაგვიმალეს მეორე ოპერაციაც", - ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

მათივე თქმით, მას შემდეგ რაც პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული გახდა ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ზუსტად ვერ განგვიმარტეს, რატომ გართულდა ლანას მდგომარეობა. გვეუბნებოდნენ, რომ ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებული საკეისრო კვეთის გამო შეიქმნა პრობლემა, თუმცა არსებობს კვლევები, სადაც ჩანს, რომ ლანა ჯანმრთელი იყო. ვეჭვობთ, "ბომონდში" ვეღარ შველოდნენ და ამიტომ გადაიყვანეს ინტერვენციულში, თუმცა ლანა უკვე უგონოდ იყო",
 - ამბობს გარდაცვლილის ბებია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

გარდაცვლილის ოჯახის პრეტენზიებს ქირურგმა მამუკა მიქაძემ უპასუხა. მედიკოსის მტკიცებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხუთი წლის წინ ცუდად გაკეთებული საკეისროს კვეთა გახდა. 

"პირველად პაციენტი ნაკეისრალი იყო სხვაგან. იყო ისეთი ნიუანსები და შეხორცებითი პროცესები, რომ ოპერაციაზე განვითარდა ჰიპოტონიური სისხლდენა, რის გამოც საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოკვეთა. ოპერაციის მსვლელობის დროს კი, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ ვარ ვალდებული ამოვიყვანო საოპერაციოში პაციენტის ოჯახის წევრები," - ამბობს ქირურგი მამუკა მიქაძე, რომელიც ამავდროულად კლინიკა "ბომონდის" დირექტორიცაა.

მისივე მტკიცებით, მეორე ოპერაცის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრები გაფრთხილებული იყვნენ. თუმცა, ექიმის განმარტებით, განმეორებითი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ლანა მიქაბერიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა.

"ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას მივმართეთ, სისხლდენა გავაჩერეთ, თუმცა პაციენტი საჭიროებდა ხელოვნურ სუნთქვით მართვას, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალურად რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ის გადავივყანეთ ინტერვენციულში. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მის გარდაცვალებას არ ველოდებოდით არანაირად," –ამბობს მამუკა მიქაძე და იქვე დასძენს, რომ გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

თავის მხრივ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ. მათი თქმით - "საჭიროა ოფიციალური ხელწერილი გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან, მიზეზებზე ამის შემდგომ ვისაუბრებთ," – განმარტავენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლანა მიქაბერიძეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი