ვინ არის აიშა ქალი, რომელმაც თარხან ბათირაშვილზე ჯიჰადის მიხედვით იქორწინა!! » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვინ არის აიშა ქალი, რომელმაც თარხან ბათირაშვილზე ჯიჰადის მიხედვით იქორწინა!!

ვინ არის აიშა ქალი, რომელმაც თარხან ბათირაშვილზე ჯიჰადის მიხედვით იქორწინა!!

ვაშინგტონის მიერ ძებნილ თარხან ბათირაშვილს (აბუ ომარ ალ შიშანს) ვაჟი შეეძინა. პანკისის ხეობიდან კი, ბოლო ინფორმაციით, სირიაში არასრულწლოვანი გოგონა გაიყვანეს, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მებრძოლზე (ბექა ტოხოსაშვილი) დაქორწინების მიზნით და როგორც ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პანკისიდან საპატარძლოები სირიაში, კონფლიქტის ზონაში მიჰყავთ.

 

რაც შეეხება თარხან ბათირაშვილს, რომელიც მსოფლიოსთვის „ჟღალი გენერლის“ სახელითაც არის ცნობილი, მისი ადგილსამყოფლის დასადგენად 2 კვირის წინ ამერიკის მთავრობამ ჯილდო 5 მილიონი დოლარი დააწესა. აბუ ომარ ალ შიშანი 2014 წლიდან აშშ-ს მიერ საშიშ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი. ბათირაშვილს ვაჟი მეორე მეუღლესთან, წარმოშობით ჩეჩენ სედა ბერდუკაევასთან შეეძინა. სედა, რომელიც სირიაში აიშას-ს სახელით არის ცნობილი, თარხან ბათირაშვილის თარჯიმნის, ჰამზათ ბორჩაშვილის მეუღლე იყო და მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში იქორწინა თარხან ბათირაშვილზე.  ამერიკის მთავრობის მიერ ძებნილ „ჟღალ გენერალს“, რომელიც 2010 წლიდან სირიაში იბრძვის, ვაჟი ცოტა ხნის წინ შეეძინა. ამ ინფორმაციას ბათირაშვილის უახლოესი გარემოცვაც ადასტურებს.

 

 

– ნინო, პირველ რიგში, გვაინტერესებს, რა ხდება პანკისის ხეობაში და ხდება თუ არა ისევ ახალგაზრდების გადინება სირიაში?

 

– ბოლო ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან, კერძოდ სოფელ ჯოყოლოდან, არასრულწლოვანი გოგონა გაიყვანეს სირიაში. ჩემი ინფორმაციით, ის მისმა სადედამთილომ და ნათესავებმა წაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საპატარძლოები პანკისიდან სირიაში მიჰყავთ. უნდა ითქვას, რომ მათი საქმროებიც, ასევე, პანკისელი ახალგაზრდები არიან, რომლებიც სირიაში იბრძვიან.

 

– ანუ მათ მიჰყავთ გოგონები პანკისიდან და მათზე ქორწინდებიან სირიაში?..

 

– დიახ, როგორც ჩანს, მებრძოლებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან თავის დროზე სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდნენ, ოჯახის შექმნის მიზნით, საცოლეები ხშირ შემთხვევაში პანკისიდან მიჰყავთ. ადგილობრივების თქმით, სირიაში, სადაც შედარებით სიმშვიდეა და არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, პანკისიდან წასულ მებრძოლებს სწორედ იქ ჰყავთ მეუღლები და ოჯახის წევრები.

 

– ნინო, როგორც ვიცი, სწორედ ასე დაოჯახდა სირიაში თარხან ბათირაშვილიც, იგივე ომარ ალ შიშანი. რა ინფორმაცია გაქვთ მის ქორწინებაზე და ვაჟზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შეეძინა?

 

– თარხან ბათირაშვილს პირველი მეუღლისგან ქალიშვილი ჰყავს. 2012 წელს მან ცოლად მოიყვანა თავისივე თარჯიმნის, ჰამზათ ბორჩაშვილის მეუღლე სედა, რომელიც, სხვათა შორის, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის საემიგრაციო სამსახურის უფროსის შვილია. როდესაც რამზან კადიროვმა გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკის გოგო ვაჰაბისტს გაჰყვა ცოლად და თან სირიაში, გაგულისებულმა ბერდუკაევი თანამდებობიდან გაუშვა. მეტიც, დაავალა, სასწრაფოდ მოეძებნათ გოგო და სახლში დაებრუნებინათ. გროზნოში ბიჭის ნათესავებს მიაკვლიეს და აიძულეს, სირიაში ვინმე გაეშვათ, რომ გოგო დაებრუნებინათ, თუმცა სირიაში ჩასულებს სედამ განუცხადათ, რომ ის სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. შემდეგ, კადიროვის ბრძანებით, პანკისის ხეობაში მიაკვლიეს ჰამზათ ბორჩაშვილის დედას – ლეილა აჭიშვილს. რამდენადაც ვიცი, ლეილამ დიდი ხნის განმავლობაში არც იცოდა, რომ მისი ვაჟი სირიაში ომობდა. ჰამზათი ევროპაში ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სწორედ ლეილა ჩავიდა სირიაში შვილთან და დაბრუნება სთხოვა ყოფილ რძალს, თუმცა მანაც უარი მიიღო.

 

– რატომ გააკეთა არჩევანი ბათირაშვილმა სედაზე – მაღალჩინოსნის შვილზე?

 

– მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ე.წ. მოჯაჰედური კანონების მიხედვით, ომში მოკლული მოჯაჰედის ცოლის ცოლად მოყვანა ნებისმიერი მოჯაჰედის ერთგვარი ვალდებულებაცაა („ჯიჰადში“ ეთვლებათ).

 

– ცნობილია, რომ სედას ბათირაშვილზე გათხოვებას თვით კადიროვის განრისხება მოჰყვა. რატომ არ დაბრუნდა ის ჩეჩნეთში, უამრავი შეთავაზების მიუხედავად დღემდე რატომ აფარებს თავს სირიას, სადაც მისი და მისი შვილის სიცოცხლე ყოველ წუთას საფრთხეშია?..

 

– სავარაუდოდ, მისი ჩეჩნეთში დაბრუნება საფრთხის შემცველია. არავინ იცის, რა ელოდება იქ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ მისცემს. თავის დროზე მისი პირველი მეუღლის, ჰამზათის დედაც სთხოვდა, რომ, თუ ჩეჩნეთში არა, პანკისის ხეობაში დაბრუნებულიყო, სადაც ის როგორც შვილს, ისე მიიღებდა და დაიცავდა. თუმცა სედამ მაშინაც სირიაში დარჩენა არჩია. უნდა ითქვას, რომ ჩეჩნეთის მეთაურისა და „ჟღალი გენერლის“ ცნობილი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ეს ქორწინებაც გახდა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სედა ბერდუკაევამ „ჟღალ გენერალს“ ვაჟი გაუჩინა.

– თქვენი ინფორმაციით, რომლიც ბათირაშვილის ცოლის ნათესავებისგან გაქვთ, და არამხოლოდ მათგან, როგორ ფიქრობთ, თარხან ბათირაშვილი ცოცხალია?

– ჩემი ინფორმაციით, ომარ ალ შიშანი ცოცხალი აღარ არის. მისი სიკვდილის შესახებ მედიამ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება. 2014 წლის ნოემბერში თავად რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა თავის ინსტაგრამზე ფოტო, სადაც, ერთი შეხედვით, გარდაცვლილი ბათირაშვილი უნდა ყოფილიყო. ბოლო ინფორმაცია მისი სიკვდილის თაობაზე ორიოდე კვირის წინ არაბულმა მედიამაც გაავრცელა. ჩემი ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი სექტემბერში გარდაიცვალა, თუმცა არის ხალხი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. რაც შეეხება ამერიკის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ძებნას, ეს იქიდან არის გამომდინარე, რომ გენერალი დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. შესაბამისად, მისი ადგილსამყოფლის დადგენა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე სპეცსამსახურებს ძალიან გაუჭირდებათ, ამიტომ ფულადი წახალისებით ცდილობენ აშშ-ს შესაბამისი სამსახურები ინფორმაციის მიღებას.

 

– ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, ამერიკის ფედერალური ბიურო არ ინტერესდება პანკისის ხეობით და ომარ ალ შიშანის ოჯახის წევრებით?

 

– ალბათ, ინტერესდებიან კიდეც, თუმცა ცნობილია, რომ მამამისთან თარხანს კავშირი არ აქვს (დედა გარდაცვლილი ჰყავს). მაგრამ რა მეთოდებით მუშაობენ, ჩემთვის ნამდვილად უცნობია. პანკისში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, არ არის გამორიცხული პანკისის ხეობა არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო.

 

რა არის ცნობილი ამ ეტაპზე ვაშინგტონის მიერ ძებნილ ისლამური სახელმწიფოს ჩრდილოეთის სარდალზე. 29 წლის თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობაში გაიზარდა, ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა და მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარ მოქმედებებში. ამის შემდეგ ის შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს და მოგვიანებით იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. სასჯელის მოხდის შემდეგ თარხან ბათირაშვილი სირიაში ბაშარ ალ სადის რეჟიმის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩაერთო, სადაც განსაკუთრებული სისასტიკითა და რელიგიური ფანატიზმით გამოიჩინა თავი. მას მოიხსენიებენ, როგორც აბუ ომარ ალ შიშანს. მოგვინებით კი მას „ჟღალ გენერალსაც“ უწოდებდნენ.

 

პანკისის ხეობიდან წასულ მებრძოლს მალევე გამოუჩნდნენ მიმდევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის თავის მშობლიურ კუთხეში. როგორც ცნობილია, თარხან ბათირაშვილის გვერდით 60-მდე პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის. ე.წ. ჟღალ გენერალი ვაჰაბისტი და ჯიჰადის მიმდევარია. 2014 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა გაავრცელა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ და მან გარდაცვლილის ფოტოებიც გამოაქვეყნა, თუმცა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, ლიკვიდირებულია თუ არა ისლამური სახელმწიფოს ჩრდილოეთის სარდალი. თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ჯილდოც. ეს გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა ტეხასში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დააწესეს. ცოტა ხნის წინ ტერორისტები ტეხასში ერთ-ერთ სასწავლო ცენტრს დაესხნენ თავს, სადაც წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები იყო გამოფენილი. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მიიღო ვაშინგტონმა გადაწყვეტილება, ბათირაშვილი ტერორისტთა შავ სიაში ჩაესვა.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი