"ხულიგანი" პარტიზანი » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ხულიგანი" პარტიზანი

 

"ხულიგანი" პარტიზანიორი წელია, თბილისში პარტიზანები "თარეშობენ".

მათი სამიზნეა ყველა, ვინც მშენებლობების გამო ხეებს ჭრის, ტროტუარზე მანქანას აყენებს ან ცხოველებს ჩაგრავს.

 

 

"პარტიზანი მებაღეები" - ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს. რომ არა მათი აქტიურობა, თბილისის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ ზონაში - ვაკის პარკში - დღეს სასტუმრო იქნებოდა.

პარტიზანებმა ყინვასა და თოვლში კარვები დასცეს და დღედაღამ მორიგეობდნენ, რომ მძიმე ტექნიკა ვაკის პარკში არ შესულიყო.

 

 

 

 

"პარტიზანი მებაღეები" არ არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დაფინანსება, მართავს დირექტორი და აქვს ოფისი. 

თუმცა, პარტიზანებს ჰყავთ ლიდერი - პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი, ნატა ფერაძე. ეს მოძრაობა სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა.

 

 

პარტიზანების "ეპატაჟური" და "ხულიგანი" ლიდერი, როგორც მას უწოდებენ, დაქოქილ ტრაქტორებს გზას უღობავს, ამწეებზე  ძვრება და ჩინოვნიკებს შუა თითს უჩვენებს.

 

 

"ამ ბრძოლისთვის მხოლოდ სიტყვები არ კმარა, დისკომფორტი უნდა შეუქმნა ჩინოვნიკებს და აჩვენო, რომ მათი არ გეშინია…"

 

 

 

 

"ორი წლის წინათ ფეისბუკზე ერთი ჩვეულებრივი სტატუსი დავპოსტე, - "ვაპირებ, გმირთა მოედანზე ხეები დავრგო, ვინ შემომიერთდებით?" თავიდან მხოლოდ რამდენიმე მეგობარი გამომეხმაურა. დღეს უკვე ასეულობით ვართ. ჩვენ ქალაქის გამწვანების იდეა გვაერთიანებს."

 

 

"ხშირად გვწერენ, - როგორ შემოგიერთდეთო? ამის გაკეთება ძალიან მარტივია. დარგე ხე, დადექი საპროტესტო აქციაზე უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ და უკვე ჩვენიანი ხარ."

 

 

"პოსტსაბჭოთა სივრცეში, და მათ შორის საქართველოშიც, მოსახლეობა ძალიან აღშფოთებულიც რომ იყოს, აქტიურობაზე იშვიათად გადადის. განათლების პრობლემაა ყველაზე მთავარი, რაც განვითარების საშუალებას არ გვაძლევს არც ერთ სფეროში."

 

 

2013 წელს კუს ტბას რომ უკანონო მშენებლობისგან ვიცავდით, ოცნი ვიყავით. პატრულმა ქეჩოში ჩაგვავლო ხელი და წაგვაღოღიალა. ახლა უჭირთ ასე მოგვექცნენ, რადგან ბევრად მეტნი ვართ.

 

 

13 ივნისს (თბილისის წყალდიდობის დღე), როცა წვიმა დაიწყო, ჩემს თინეიჯერ შვილთან და მის ორ მეგობართან ერთად ვერეს ხეობაში, ძაღლების თავშესაფრში მივედით, რომ ცხოველები გადაგვერჩინა. წყალი იმატებდა, მაღაზიას შევაფარეთ თავი. ჩემი შვილი მეკითხებოდა, - ვიწვალებთ თუ უცებ დავიხრჩობითო… ტირილს ძლივს ვიკავებდი, - რატომ წამოგიყვანეთ აქ თქო?! - ვუბრაზდებოდი ჩემს თავს. ორმა მოხალისემ მიმითითა შეშინებულ და დასტრესილ ძაღლებზე, რომლებიც გვეკრობოდნენ: "აი, რატომაცო. არ ვნანობ, რომ იმ ღამეს იქ ვიყავი."

 

 

პოლიტიკოსებთან შეხვედრები ყველაზე დიდ დროის კარგვად მიმაჩნია. ასეთ შეხვედრებზე, სპეციალურად, დახეული ჯინსებით და ჭუჭყიანი მაისურით მივდივარ, რომ დავანახო – მე მათ არ მივეკუთვნები…

 

 

პარტიზანებმა ახალი კამპანია წამოვიწყეთ - ტროტუარებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეებს წაართვეს და პარკინგები გააკეთეს, ფერად საბურავებს ვდგამთ და იქ ყვავილებს ვრგავთ, რომ მანქანები ვერ გააჩერონ.

 

 

პატრული ადრე არ გვიმჩნევდა, გაგვიღიმებდა და ჩაივლიდა. მაგრამ უკვე, დაგვინახავენ თუ არა, 5 ეკიპაჟი ჩერდება, ალყას შემოგვარტყამენ და გვაჯარიმებენ, უხეშები არიან. ანუ, უკვე რეალურად ხელს ვუშლით, რაც გამარჯვებას მოასწავებს.

 

 

ბოლო დროს პოლიტიკოსების საარჩევნო პროგრამებში გარემოსდაცვითი საკითხები რომ გაჩნდა, ჩვენი მოძრაობის დამსახურებაც არის.

 

 

 ქალი რომ ვარ, ეს მხოლოდ მეხმარება. ჩინოვნიკებთან შეხვედრებზე ხშირად უთქვამთ: ქალი რომ არ იყო, დაგარტყამდითო…

 

 

მგონია, კი არა და, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქალს არ შეექმნება პრობლემა, თუ თვითონ არ იქნება ეჭვებში, რომ იმას აკეთბს, რასაც არ უნდა აკეთებდეს… გააჩნია ვინ რამდენად დათრგუნეს ბავშვობაში და დააპროგრამეს "ნამდვილ ქართველ ქალად"…

 

 

ჩვენ პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებთ. უბრალოდ, ჩვენი მოძრაობით სურვილი გვაქვს, ცნობიერება შევცვალოთ …

 

 

აღმოჩნდა, ჩვენს ქალაქში არქიტექტორები მუშაობენ ინდივიდუალურად და არ არსებობს ერთიანი გეგმა, თუ ეს პრობლება არ მოგვარდება, თბილისი საცხოვრებლად უსაფთხო ვერ იქნება…

 

 

რას ვაპირებთ? - მეტ აქტიურობას, "მწვანე" კანონმდებლობის მოთხოვნას... ბრძოლა ორ ფრონტზე მიდის - ხელისუფლებასთან სამართლებლივი მოთხოვნების წამოყენებით და ასევე მოქალაქეების გულგრილობის წინააღმდეგ. საგანმანათლებლო, კრეატიული, პოზიტიური მიდგომებით მოქალაქეების ჩართულობა უნდა გავზარდოთ. ჩვენ საქმეში ეს ყველაზე მთავარია.

*მასალაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა ნატა ფერაძემ; წყარო: JAMnews

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი