სასჯელაღსრულების სამინისტრო კობა სუბელიანის განცხადებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასჯელაღსრულების სამინისტრო კობა სუბელიანის განცხადებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს

სასჯელაღსრულების სამინისტრო კობა სუბელიანის განცხადებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავსსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის კობა სუბელიანის მიერ წინასაარჩევნოდ პატიმრების შესაძლო ზეწოლაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი კობა სუბელიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შესთავაზა.

სამინისტროს ინფორმაციით, დეპუტატმა თბილისში არყოფნის მიზეზით, შეხვედრა 15 აგვისტოსთვის გადადო.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა კობა სუბელიანის ანალოგიური შინაარსის სტატუსი, რომლის გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი კობა სუბელიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შესთავაზა. დეპუტატმა თბილისში არყოფნის მიზეზით, შეხვედრა 15 აგვისტოსთვის გადადო. ამასთან, სუბელიანს სატელეფონო საუბრისას არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი ან რომელიმე პირის ვინაობა, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მამისგან შეიტყო. 

კობა სუბელიანმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოცხადება 15 აგვისტოს ნაცვლად, მხოლოდ გუშინ, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს შეძლო. აღნიშნულ შეხვედრაზეც მან არ დაასახელა არც ერთი კონკრეტული გვარი და ფაქტი. როგორც სატელეფონო საუბრისას, ისევე სამინისტროში შეხვედრის დროს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მსჯავრდებულის მამისგან მიიღო, რომლის ვინაობის გამხელისგან მამა თავს იკავებს, თითქოს, შვილის მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის და უარყოფითი შედეგის შიშის გამო. ასევე, ზოგადია ინფორმაცია, სუბელიანის თქმით, ე.წ მაყურებლის იმერეთის მხარეში მდებარე ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებაც. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული პირის ვინაობა, მათ შორის, მისი თქმით, ე,წ მაყურებლის გვარიც არ დასახელებულა და არც ის, თუ კონკრეტულად რომელ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა სუბელიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული პირების ვინაობა არ იცის. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში კობა სუბელიანთან შეხვედრისა და საუბრის შესახებ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც დეპუტატი თავად აწერს ხელს“, -ნათქვამია განცხადებაში. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულად დეპოლიტიზებული უწყებაა და რაიმე სახის ზეწოლის გზით, საარჩევნო პროცესებში მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების ჩართვას გამორიცხავს. 

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ თავისუფალი არჩევანი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამ უფლების შეზღუდვას საკუთარი საქმიანობის არეალში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. 

ამასთან, მიმართავს საზოგადოებას, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვდრებზე მსჯავრდებულთა შესახებ მსგავსი თემებით მანიპულირებას შეეცდება, დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია საასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი