მამაკაცმა საყვარელი საწოლში მოკლა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მამაკაცმა საყვარელი საწოლში მოკლა

27 წლის ეკა ქ-ძის ცხედარი ნაქირავებ ბინაში მისმა მეგობარმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს  სახის  არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა,  ქალი, რომელსაც სახე ტყვიით ჰქონდა  გაგლეჯილი,  შიშველი აღმოჩნდა.  შემთხვევის ადგილზევე იყო პისტოლეტი, რომლიდანაც გასროლა მოხდა. გარდაცვლილის მეგობარმა, მაკა ბ-შვილმა, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ეკა ქ-ძე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. ის  სატელეფონო კომპანიის მენეჯერი იყო. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა მაკა ბ-შვილმა, რომელმაც მეგობრის ცხედარი გვიან საღამოს აღმოაჩინა: „ეკა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ჩვენ თითქმის ყოველ საღამოს ერთად ვატარებდით. მასთან ღამითაც ხშირად მიწევდა დარჩენა. იმ დღეს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, პირველად დღის პირველ საათზე დავურეკე. ტელეფონზე არ მიპასუხა, ვიფიქრე, სამსახურის საქმით იყო დაკავებული, დაველოდე, როდის გადმორეკავდა, მაგრამ არ დამირეკა. სამი საათის განმავლობაში რამდენჯერმე დავურეკე, მესიჯიც მივწერე, მაგრამ არ მიპასუხა. საღამოს 6 საათამდე რომ ვერ დავუკავშირდი, შევშინდი, რადგან ასე გაუჩინარება არასდროს იცოდა. ღამის 9 საათამდე ვურეკე, ბოლოს მასთან სახლში წასვლა გადავწყვიტე. როდესაც ბინასთან მოვედი, კარი ღია დამხვდა. ჯერ სასტუმრო ოთახში შევიხედე, მერე საძინებელში. შიშველი ეკას ცხედარი კართან, იატაკზე ეგდო, სახე თითქმის არ უჩანდა, სულ სისხლში იყო მოსვრილი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სახე აღარც კი ჰქონდა. ძალიან შემეშინდა, კივილი დავიწყე და გარეთ გამოვვარდი. ხან ერთ მეზობელს ვუბრახუნებდი კარზე, ხან – მეორეს, ბოლოს ვიღაცამ გამომხედა. ჩვენ ერთად დავრეკეთ პოლიციაში და სადარბაზოში დაველოდეთ მათ მოსვლას”.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ გარდაცვლილმა ცეცხლსასროლი იარაღი  ამ ინციდენტამდე სამი  დღით ადრე შეიძინა ერთ-ერთ მაღაზიაში.  ეკა ქ-ძის მეგობრის, მაკა ბ-შვილის ჩვენების მიხედვით,   ეკას იარაღის ძალიან ეშინოდა და მისთვისაც გაურკვეველი დარჩა, რატომ დასჭირდა იარაღის ყიდვა. ამ შეკითხვას გამოძიებამ მხოლოდ მას შემდეგ გასცა პასუხი, რაც მოკლულის ბინაში, რომელიც არეულ-დარეული იყო, აღმოაჩინა გარდაცვლილის ჩანაწერები. 

საქმის მასალების მიხედვით, რაც  დადასტურდა გარდაცვლილი  ქალის მეგობრების ჩვენებებით,  ეკა ქ-ძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, ზურა ბ-ია, რომელსაც ბოლო ორი წლის  განმავლობაში რეგულარულად ხვდებოდა. გამოძიებამ დაკითხა ზურა ბ-ია, რომლის ჩვენების მიხედვით, მას  ეკა ქ-ძე გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ჰყავდა უკანასკნელად ნანახი.   მამაკაცის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს შეიცავდა: ის ხან ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი ქალი მისთვის ძვირფასი იყო, ხან ამბობდა,  რომ მასთან ინტიმური კავშირის გარდა არაფერი აკავშირებდა. იმ დღეს, როდესაც ეკა ქ-ძე გარდაიცვალა, მამაკაცი, მისი ჩვენების მიხედვით, ცოლ-შვილთან ერთად  აგარაკზე იყო – ამით მას ჰქონდა ალიბი, რაც დადასტურდა გამოძიების მიერ ჩატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, თუმცა, როგორც გაირკვა, ის აგარაკზე გვიან ღამით ავიდა. შეკითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა ის გვიან ღამემდე, ზურა  ბ-იამ განაცხადა, რომ ქუჩაში გაცნობილ მამაკაცთან ერთად, რომელსაც ახლოს არ იცნობდა, გვიანობამდე  სკვერში ლუდს სვამდა. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გარდაცვლილის მეგობრის მიერ დაადგინა, რომ ეკა ქ-ძე მუდმივად წერდა დღიურებს, რომელთა აღმოჩენაც მოხდა გარდაცვლილის ბინაში, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეკა ქ-ძემ იარაღი  საყვარელი მამაკაცის თხოვნით შეიძინა. ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცმა მას სთხოვა  პისტოლეტის ყიდვა და რეგისტრაცია, ვინაიდან თავად, გარკვეული მიზეზების გამო, იმ მაღაზიაში ვერ შევიდოდა.   სანამ გარდაცვლილის ჩანაწერები გახმაურდებოდა, ზურა ბ-ია აცხადებდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ეკა ქ-ძე სახლში ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა. 

 ზურა ბ-იას შესახებ გამოძიებამ ინფორმაციის მოგროვება დაიწყო. მას ჰქონდა ორი ოჯახი: პირველი ქორწინებიდან ორი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა, მეორე ქორწინებიდან კი – ერთი მცირეწლოვანი შვილი. როგორც გაირკვა, მამაკაცი ეკა ქ-ძესთან ურთიერთობას განსაკუთრებულად ასაიდუმლოებდა. გარდაცვლილის მეგობრის ჩვენების მიხედვით, მამაკაცი ქალს  თავიდან ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა,  არაოფიციალურად ცოლსაც კი ეძახდა,  თუმცა მასთან ერთად არსად დადიოდა. „მეგობრებმა ბევრჯერ ვუთხარით ეკას, რომ ზურა მას იყენებდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც თვითონ ეკასგან გავიგე, რომ ზურას 8 ათასი ლარი ასესხა. სახლიც ეკამ იქირავა და ხშირად ანებივრებდა მამაკაცს საჩუქრებით.  ეკას არაფრის გაგონება არ უნდოდა, ისე უყვარდა მასზე თითქმის 30 წლით უფროსი კაცი. ერთი პერიოდი, გარდაცვალებმადე ორი თვით ადრე, შევნიშნე, რომ ეკა ძალიან მოწყენილი  იყო,   გამომიტყდა, რომ ზურა აღარ ხვდებოდა და ემალებოდა. ბოლოს დაემუქრა, რომ, თუ სახლიდან არ წამოვიდოდა და მას  ცოლად არ მოიყვანდა, ყველაფერს მის ცოლს მოუყვებოდა. ამაზე ზურა ისე გამწარდა, როგორც ვიცი, ხელითაც კი შეეხო. მერე ზურამ სტრატეგია შეცვალა: ეკას შეურიგდა.“

შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ყველა საეჭვო გარემოებისა და ექსპერტიზით დადგინდა, რომ ქალი უბედური შემთხვევის მსხვერპლი არ იყო, სამართალდამცველებმა      ზურა ბ-ია ეჭვმიტანილად ცნეს და დააკავეს, თუმცა ის ჩადენილ  დანაშაულს უარყოფდა. საქმის მასალების მიხედვით,  ზურა ბ-იამ ეკა ქ-ძე ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით მოკლა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა მკვლელობა წინასწარ, ყველა დეტალის გათვალისწინებით ისე დაგეგმა, რომ ინციდენტი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. მან თავად ეკა ქ-ძეს აყიდვინა იარაღი, რომლის თანხაც თვითონ გადაიხადა. იმის მიუხედავად, რომ მას ქალის თავიდან მოშორება ჰქონდა დაგეგმილი, რადგან ის ვალის დაბრუნებას სთხოვდა,   ზურა ბ-იამ ქალთან ურთიერთობა ისე დაათბო, თითქოს მისგან წასვლას არ გეგმავდა. ზურა ბ-იამ  შეარჩია საღამო და ქალს დაჰპირდა, რომ მასთან ერთად რესტორანში ივახშმებდა. ის ეკა ქ-ძეს სახლში საღამოს 8 საათზე ეწვია, რესტორანში წასვლამდე მათ ინტიმური კავშირი ჰქონდათ. ეკა ქ-ძე  აბაზანაში გავიდა, რა დროსაც  ზურა ბ-იამ ცეცლსასროლი იარაღი მოიმარჯვა და აბაზანიდან დაბრუნებულ ქალს საწოლიდან პირდაპირ სახეში ესროლა. ის მაშინვე გარდაიცვალა. ზურა ბ-აიმ, იცოდა, რომ  მისი საყვარელი დღიურებს წერდა, სახლში მისი ძებნა დაიწყო, რა დროსაც მან რამდენიმე ადგილას  დატოვა თავის ანაბეჭდები. ამის შემდეგ მან გაწმინდა იარაღი და ქალს ხელში ისე ჩაუდო, თითქოს  ეკა ქ-ძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი  გახდა, რის შემდეგაც მან დატოვა  ბინა და ოჯახთან აგარაკზე წავიდა.”  

სასამართლომ ზურა ბ-ია დამანაშავედ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"თბილისელები"ა

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი