ხშირად კომერციული ფართები წინასწარი გათვლების გარეშე შენდებოდა – თბილისის გენგეგმა » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხშირად კომერციული ფართები წინასწარი გათვლების გარეშე შენდებოდა – თბილისის გენგეგმა

 

ხშირად კომერციული ფართები წინასწარი გათვლების გარეშე შენდებოდა – თბილისის გენგეგმათბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია იმის შესახებ, რომ თბილისი ვერ ახერხებს არსებული კომერციული ფართების რაოდენობრივი რესურსის პოტენციალის სრულად რეალიზაციას და მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.

“უკანასკნელი წლების მანძილზე, თბილისში მრავალი კომერციული დანიშნულების ობიექტი აშენდა (ძირითადად სავაჭრო და საოფისე ფართები). ხშირად ასეთი ფართების მიწოდება წინასწარი გათვლების გარეშე ხორციელდებოდა. შედეგად, თბილისში გაჩნდა ისეთი კომერციული ფართები, რომლებიც თვისობრივად არ შეესაბამება არსებულ საბაზრო მოთხოვნებს. ამდენად, ქალაქი ვერ ახერხებს არსებული კომერციული ფართების რაოდენობრივი რესურსის პოტენციალის სრულად რეალიზაციას.

მოცემულ გარემოებას თავისი წვლილი შეაქვს ქალაქის სტრუქტურულ ფრაგმენტაციაში და ზრდის ქალაქის მოვლასა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ეს კი, თავის მხრივ, მძიმე ტვირთად აწვება ქალაქის როგორც ეკონომიკურ, ისე ეკოლოგიურ მდგომარეობას. მოცემულ სფეროში ჭარბი ტერიტორიული რესურსის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს არამყარი საინვესტიციო გარემოს შექმნა. ყოველივე ეს განაპირობებს მომავალ წლებში მოცემული ფუნქციით მიწის ათვისების შეზღუდვის აუცილებლობას,”- ვკითხულობთ გენერალურ გეგმაში.

გეგმაში საუბარია, რომ სწორედ ამით აიხსნება მწირი პროგნოზი ტერიტორიულ მოთხოვნაზეც – 48.4 ჰა-ის სახით.

გენგეგმა

“საერთო ჯამში, ინდუსტრიული ფუნქციის მქონე ტერიტორიების მაქსიმალური მოსალოდნელი კუმალატიური მოთხოვნა 2030 წლისათვის 395 ჰა-ს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული ციფრი წარმოადგენს გათვლით მაქსიმუმს. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი მისი შესაბამისი სრული ტერიტორიული რესურსის ხელმისაწვდომი სახით დაფიქსირება, რაც შეიძლება დერეგულირებისა და შემდგომი ქაოტური განვითარების მიზეზი გახდეს,”- საუბარია გენერალურ გეგმაში.

logoebi (1)

გენერალურ გეგმაში ასევე საუბარია, რომ უნდა შეუზღუდოს საცალო ვაჭრობის სპეციალუზებული ცენტრები, რადგან აქაც აღემატება მოთხოვნა მიწოდებას:

“უკანასკნელი წლების მანძილზე თბილისში გაჩნდა დიდი სავაჭრო ცენტრები და არეალები – ე.წ. “ბაზრობები”, “მოლები” და “მეგამარკეტები”. ამ ობიექტებიდან განსაკუთრებულად მსხვილი და პოპულარული ერთეულები ქმნიან საცალო ვაჭრობის სპეციალიზებულ ცენტრებს. ასეთი ცენტრების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებას გააჩნია ფართო სპექტრი და ის ფარავს მოსახლეობის საშუალო და გრძელვადიან, სპეციფიკურ მოთხოვნილებებს, როგორებიცაა, მაგალითად, ავეჯი ან სამშენებლო მასალები. არსებული სიტუაციის ანალიზის მიხედვით, თბილისის ეკონომიკის ამ სექტორში სერიოზული დისბალანსია მოთხოვნა-მიწოდების მხრივ. კერძოდ, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას,”- ვკითხულობთ გეგმაში.

ამავე გეგმის თანახმად, პრობლემას ასევე ქმნის ზოგი სავაჭრო ცენტრის განთავსების საკითხი, რაც განპირობებულია სავაჭრო არეალების ზომის შეუთავსებლობით ადგილის ტერიტორიულ და ინფრასტრუქტურულ, ძირითადად, სატრანსპორტო შესაძლებლობებთან. გეგმაში ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების შეზღუდვაზეა საუბარი:

“წინამდებარე კონცეფციით, ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარება უნდა შეიზღუდოს. სექტორის ეკონომიკური მგრძნობიარობის გამო, საჭიროა ყველა დიდი მასშტაბის სავაჭრო ობიექტის (5,000 კვ.მ ზემოთ) თბილისის დამგეგმარებელი ორგანოების მიერ დეტალური შესწავლა, მათი თბილისისათვის ეკონომიკური სარგებლიანობის კვლევის ჩათვლით. გარდა ამისა, უახლოეს წლებში აუცილებელი იქნება შემდეგი ღონისძიებების გატარება:

● საცალო ვაჭრობის პოლიტიკის შემუშავება, სადაც განსაზღვრული იქნება სექტორის სასურველი განვითარებები და შეზღუდვები;

● არსებული სავაჭრო სპეციალიზებული ცენტრების რელოკაცია, რომელთა ქალაქის ცენტრთან სიახლოვე იწვევს სატრანსპორტო პრობლემებსა და გარემოს დაბინძურებას (მაგ. ელიავას ბაზრობა),”- აღნიშნულია გეგმაში.

logoebi (1)

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი