უალტერნატივო» და «სახელმწიფოებრივი» გადაწყვეტილება: რას მოუტანს პარლამენტში შესვლა «ნაცმოძრაობას» » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უალტერნატივო» და «სახელმწიფოებრივი» გადაწყვეტილება: რას მოუტანს პარლამენტში შესვლა «ნაცმოძრაობას»

უალტერნატივო» და «სახელმწიფოებრივი» გადაწყვეტილება: რას მოუტანს პარლამენტში შესვლა «ნაცმოძრაობას»„სააკაშვილზე გაიმარჯვა ბოკერიამ“,– ასე აფასებენ საექსპერტო წრეებში გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართული იმ ბჭობის შედეგს, რომელიც პარტიის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებით დასრულდა.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს  „უალტერნატივო გადაწყვეტილება» იყო.

 „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. მით უმეტეს, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია რჩება და პრაქტიკულად ერთადერთი ოპოზიციური ძალა. საპირისპირო გადაწყვეტილება, ანუ რომ არ შესულიყო პარტია პარლამენტში, უპირველესად თავად „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯს  და მის სამომავლო პერსპექტივებს დააზიანებდა. პერსპექტივა კი ნამდვილად გააჩნიათ იმისა, რომ მომავალში უკვე ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოლონ“,– განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს. მისი აზრით, საპირისპირო გადაწყვეტილების შემთხვევაში პარტიას პოლიტიკური წონის შესაძენად ქუჩის აქციების ორგანიზება მოუწევდა, ამ შემთხვევაში კი «ნაციონალური მოძრაობა» მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა.

„ჩხუბი და აყალმაყალი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აწყობდა. ამიტომაც მიიღო მან ის შედეგი, რაც მიიღო – პარტია გაიხლიჩა: ერთ მხარეს დარჩა სააკაშვილის ნება, მეორეს მთელი მისი პარტიის“ – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პროცესების „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისტემურ პრობლემებში გადაზრდის პერსპექტივას ვერ ხედავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. 

„რა თქმა უნდა, მათი ამომრჩეველი ახლა გარკვეულწილად გაურკვევლობაშია, მაგრამ უახლოეს მომავალში ველი განცხადებებს, რომ არაფერი შეცვლილა და ისევ ერთად არიან. სკეპტიკურად ვუყურებ გახლეჩვის სცენარის განვითარებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაციონალური აზროვნების უნარი გამომუშავებული აქვს. მსგავსი რისკები მათ წინაშე ადრეც მდგარა და ორივე მხარეს მშვენივრად ესმის, რომ განხეთქილება ორივეს დააზიანებს. ამდენად, ამ ვითარების სისტემურ პრობლემაში გადაზრდის პერსპექტივას ვერ ვხედავ“,– განუცხადა „აქცენტს“ ხუხაშვილმა .

რაც შეეხება მოწოდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, გაემიჯნონ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს არასერიოზულია და ეს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გააზრებული აქვთ. 

„პერიფერიაზე ვინ ვისკენ რას მოუწოდებს და რას აკეთებს, არ არის მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი ასეთ განვითარებაზე არ წავა. მათ ესმით, რომ ეს მხოლოდ დამაზიანებელი იქნება. პერიფერიაზე ათას რამეს მოვისმენთ. მსგავსი კონფლიქტის დროს ყველაზე მეტად ხმაურობენ ისინი, ვინც გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს და ეს ბუნებრივია“,– ფიქრობს ანალიტიკოსი. 

მმართველ გუნდში კი «ნაციონალური მოძრაობის» გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებენ.  

„ველოდი, რომ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან არანაირი ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ არ შევიდნენ პარლამენტში და არ გაუწიონ პოლიტიკური ოპონირება სამთავრობო პარტიას. ეს  იყო ჭკვიანური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“,– განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პარტიაში დისკუსია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ ექს–პრეზიდენტი სააკაშვილი, აკაკი მინაშვილი  და ნუგზარ წიკლაური უმცირებაში აღმოჩნდნენ და, როგორც ჩანს, მოუწევთ, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი