“ჩვენების მიცემაზე უარი წარმოადგენს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფორმას” – მანანა კობახიძე » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“ჩვენების მიცემაზე უარი წარმოადგენს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფორმას” – მანანა კობახიძე

“ჩვენების მიცემაზე უარი წარმოადგენს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფორმას” – მანანა კობახიძე“ჩვენების მიცემაზე უარი წარმოადგენს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფორმას” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნუგზარ წიკლაურისა და აკაკი მინაშვილის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დეპუტატების დაკითხვაზე დაბარებისა და მათი მხრიდან ამ ფაქტის უგულვებელყოფას.

როგორც კობახიძემ Prime Time News-თან საუბრისას განმარტა, საკანონმდებლო ორგანოს ნებისმიერმა წარმომადგენელმა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას უნდა უპასუხოს. ის ოპონენტებს გამოძებასთან ულტიმატუმის ენით საუბრისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

“რა თქმა უნდა ნებისმიერ მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს და მითუმეტეს პარლამენტის წევრი, ვალდებულია დაიცვას კანონი და უპასუხოს გამოძიების კითხვებს. ჩვენების მიცემაზე უარი წარმოადგენს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფორმას, ამისთვის არის კანონით გათვალისწინებული პროცედურები. მე მოვუწოდებ მათ, ულტიმატუმის ენით ნუ ესაუბრებიან საგამოძიებო უწყებას და გასცენ პასუხი ყველა კითხვას, რომელიც გააჩნია გამოძიებას. საგამოძიებო ორგანოსთვის ხელის შეშლა, თავის მხრივ არის დანაშაული და ჩემი რჩევა იქნება, რომ დაემორჩილონ კანონს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი 27 სექტემბერს უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.

მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი