„კარლო ლაფერაძე სხვადასხვა კორუფციულ სქემებშია გარეული“ – თბილისის მერიის თანამშრომლებს თაღლითობაში ადანაშაულებენ » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„კარლო ლაფერაძე სხვადასხვა კორუფციულ სქემებშია გარეული“ – თბილისის მერიის თანამშრომლებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

„კარლო ლაფერაძე სხვადასხვა კორუფციულ სქემებშია გარეული“ – თბილისის მერიის თანამშრომლებს თაღლითობაში ადანაშაულებენარასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობა და დემოკრატიის“ წარმოადგენლის მია ზოიძის განცხადებით, „მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - კარლო ლაფერაძე გარეულია სხვა და სხვა თაღლითურ-კორუფციულ სქემებში“.
ამის შესახებ ზოიძემ Netpost–თანსაუბრისას განაცხადა.
 
„ჩვენს ორგანიზაციას - „კანონის უზენაესობა და დემოკრატია“ არაერთხელ მომართეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა, რომლებსაც მერიასთან, კერძოდ კი ქონების მართვის სააგენტოსთან და მის ხელმძღვანელთან - კარლო ლაფერაძესთან დაკავშირებით გააჩნიათ მნიშვნელოვანი პრეტენზიები.
 
ამ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაცია წარმომადგენლობას უწევს რამოდენიმე დაზარალებულ პირს, რომლებსაც ქონების მართვის სააგენტოსთან სამართლებრივი დავა აქვთ, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე მერიაში, ასევე სასამართლოში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში.
 
იმ პირთაგან, რომლებმაც იურიდიული დახმარების თხოვნით მოგვმართეს, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საქმეები, რომელთა შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ამ პროცესებში არსებული მნიშვნელოვანი დარღვევები. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა ქონების მართვის სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებების მართლზომიერების შესწავლის მიზნით, სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ მიღებული შედეგები საგანგაშოა.
 
კონკრეტული პირების საქმეების შესწავლის შედეგად ცხადი ხდება, რომ მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - კარლო ლაფერაძე გარეულია სხვა და სხვა თაღლითურ-კორუფციულ სქემებში, ამასთან აბსოლუტურად ვერ ერკვევა და სრულიად არაკომპეტენტურია ქონების მართვასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებში. სამწუხაროა როცა ასეთ არაკომპეტენტურ ადამიანს ჩაბარდა დედაქალაქის მერიის ასეთი მნიშვნელოვანი სამსახური, რაც ყველაზე მძაფრად გამოჩნდა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა დასახმარებლად „გაწეული“ სამუშაოების არაჯეროვნად და არაერთგვაროვნად შესრულებისას.
 
თუ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, როგორც დაზარალებულების საუბრიდან ირკვევა და ასევე მათი საქმეების განხილვის პროცესში პირადად ჩვენც გვქონდა ამ სამსახურთან შეხება, ბატონი ლაფერაძე და მისი სამსახურის თანამშრომლების ნაწილი ვერ ერკვევა სტიქიის ზონის საზღვრებში, ვერ ასხვავებს ქონების მართვასთან დაკავშირებულ იურიდიულ ტერმინებს: არ იცის რა არის ან ვერ ერკვევა ან კიდევ უფრო უარესი შეგნებულად ურევს ერთმანეთში თუ რა არის საკუთრება, თანასაკუთრება, ფიზიკური და იურიდიული პირი, რას ნიშნავს საცხოვრებელი ფართი და რა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ფართი, რა განსხვავებაა მათ შორის და ა.შ
 
კარლო ლაფერაძის მიერ დაზარალებულებისათვის ოფიციალურად მიწერილი წერილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ის შეგნებულად ურევს სტიქიის ზონის საზღვრებს. მაშინ როცა ბატონი ლაფერაძის მიერ უკვე დაკმაყოფილებულია ერთი დაზარალებული, მაგალითად ვინმე ზვიად ოქროპირიძე, მისსავე მეზობელს, რომელსაც უკვე დაკმაყოფილებულისაგან მხოლოდ ერთი კედელი ყოფს იმავე მისამართზე და იმავე კორპუსის იმავე სართულზე პასუხად ლაფერაძე წერს, რომ ეს უკანასკნელი არ იმყოფება სტიქიის ზონაში.
 
ზუსტად ასეთივე ვითარებასთან გვაქვს საქმე მეორე დაკმაყოფილებულ - დარეჯან დარახველიძის შემთხვევაში. საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე? არაკომპეტენტურობასთან, თუ კორუფციულ სქემასთან? ჩვენი აზრით ორივესთან. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მერიის მაღაჩინოსნებმა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგებზე, ე.ი. ადამიანების უბედურებაზე საკმაოდ მოითბეს ხელი.
 
ამის ნათელი დადასტურებაა ვინმე თეიმურაზ ბუხულეიშვილის შემთხვევა. თეიმურაზ ბუხულეიშვილი, მცხოვრები ბაღდადის რაიონის სოფელ ფერსათში. 2015 წლის 13-14 ივნისამდე მას საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში უფიქსირდება ჩიქოვანის ქუჩა # 24ა-ში 16,75 მ2 ავტოფარეხი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით მათ არც ახსოვთ აღნიშნულ მისამართზე რაიმე ავტოფარეხის არსებობა.
 
2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების მეორე დღესვე - 15 ივნის თეიმურაზ ბუხულეიშვილი ახერხებს(როგორც აშკარაა გავლენიანი მფარველების მეშვეობით) ერთ დღეში საჯარო რეესტრში აღნიშნული ავტოფარეხის საცხოვრებელ ფართად გადაკეთებას და მისგან შესყიდული იქნა აღნიშნული საკუთრება დაახლოებით 104.000 (ას ოთხი ათას) ლარად. ე.ი. 6200 ლარი 1 მ2-ში. ამ დროს დაზარალებულთა უმრავლესობა დაუკმაყოფილებელია და მერიიდან ღებულობენ მხოლოდ გაურკვეველ პასუხებს მათთვის დახმარების გაწევაზე.
 
აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქალაქ თბილისის მუნიცეპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის დადგენილება № 17-66 -ის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის მიხედვით სტიქიის ზონაში დასაკმაყოფილებლები არიან 2015 წლის 13-14 ივნისისათვის რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართის მფლობელები.
 
ეს დადგენილება უხეშადაა დარღვეული და შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საქმის ნიშნებსაც კი შეიცავს თეიმურაზ ბუხულეიშვილის ავტოფარეხის სანაცვლოდ 104.000 ლარის გადახდის შემთხვევაში!
 
რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ორ პიროვნებას, მათ შესახებ ზუსტადაა დადგენილი, რომ 2015 წლის ივნისისათვის ზვიად ოქროპირიძე წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსს და ალბათ სწორედ ამიტომ შეისყიდეს მისგან ყველაზე ძვირად საკუთრება (რა თქმა უნდა თეიმურაზ ბუხულეიშვილის შემდეგ).
 
ხოლო დარეჯან დარახველიძე არის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურად ცნობილი სიმამრის - თამაზ თამაზაშვილის კარის მეზობელი თბილისში ალექსიძის ქუჩაზე, რაც ასევე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“ – განაცხადა მია ზოიძემ.
 
მისივე თქმით, ზემოაღნიშნული მაგალითები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დარღვევებისა, რომელიც ორგანიზაცია „კანონის უზენაესობა და დემოკრატიამ“ გამოიკვლია.
 
„ყველა მათგანზე საუბარი ამ ფორმატში შეუძლებელია, თუმცა ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევას ახლო მომავალში და ის ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება“ – დასძინა ზოიძემ.
 
  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი