"კალაძე და ბეჟუაშვილები ენერგეტიკის სფეროში დიდი ფულის საშოვნელად ემზადებიან" » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"კალაძე და ბეჟუაშვილები ენერგეტიკის სფეროში დიდი ფულის საშოვნელად ემზადებიან"

"კალაძე და ბეჟუაშვილები ენერგეტიკის სფეროში დიდი ფულის საშოვნელად ემზადებიან"გაზპრომი” ქართულ კომპანია “გაზკო პლუსს” მიმდინარე წლის მეორე ნახევარში 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის” – ამის შესახებ რუსული ენერგოკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ივნისში გავრცელდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Netpost–ს მთავრობასთან დაახლოებული პირი ესაუბრა.

„ამ კომპანიის დაფუძნებლები, რუსეთის მოქალაქეები, გიორგი მამალაძე და ირაკლი ბიწაძე არიან. გიორგი მამალაძე თავის მხრივ, მოსკოვში ერთ–ერთი მსხვილი კომპანიის მფლობელია. სწორედ მან მოაწერა გაზპრომის” ხელმძღვანელთან, თავად მილერთან ერთად ხელშეკრულებას ხელი. „გაზკო პლიუსი“, მის წარსულს თუ გადავხედავთ, არანაირი აქტიურობით არ გამოირჩევა. სწორედ აქ ჩნდება კითხვა, რატომ აირჩია მსოფლიო გიგანტმა რუსეთის ორი მოქალაქის მიერ ფოთში დაფუძნებული კომპანია პარტნიორად, რომელსაც არანაირი ქონება და აქტივობა არ გააჩნია? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი ხდება, თუ მივყვებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ფაქტების ანალიზს – „გაზკო პლიუსის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ირაკლი ბიწაძე საქართველოში მოქმედი უამრავი კომპანიების დამფუძნებელი, წარმომადგენელი და უფლებამოსილი პირია, რომელთა უმეტესობაც ენერგეტიკის სფეროში მოქმედებს. ამ კომპანიების დიდი ნაწილი საბოლოოდ მიდის ყველასთვის ნაცნობ ძმებ ბეჟუაშვილებთან, კერძოდ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ (GIG) და სხვადასხვა ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიებთან.

ამასთან, ბეჟუაშვილების და ბიწაძის ერთობლივ კომპანიებში ფიგურირებს ასევე კარგად ცნობილი ბიზნესმენი გიორგი ქოიავა, რომელიც თავის მხრივ, ვიცე–პრემიერ კახა კალაძესთან არის ასოცირებული. მათი „მეგობრობა“ მას შემდეგ დაიწყო, რაც სკანდალურად ცნობილმა ზვიად ჯანყარაშვილმა სცადა ქოიავასთვის ბიზნესის, ჟარგონულად რომ ვთქვათ, „ახევა“ და კბილებიც მოიმტვრია მას შემდეგ, რაც საქმეში ქოიავას დასახმარებლად კახა კალაძე ჩაერთო. თემას რომ დავუბრუნდეთ, საბოლოოდ იკვრება შემდეგი წრე – ირაკლი ბიწაძე, რომელიც არის ფაქტობრივად ბეჟუაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, თუ არა მისი ერთგული პარტნიორი, ბიწაძესთან ერთად ერთობლივ ბიზნესებში ფიგურირებს გიორგი ქოიავა, თავად ქოიავა დაკავშირებულია კახა კალაძესთან. ალბათ, მიხვდებით, რა წრე იკვრება საბოლოოდ. გამოდის, რომ კალაძე და ბეჟუაშვილები ენერგეტიკის სფეროში დიდი ფულის საშოვნელად ემზადებიან“, – განაცხადა მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა.

ცნობისთვის, “გაზპრომის” ინფორმაციით, ხელშეკრულებას “გაზპრომის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა და “გაზკო პლიუსის” კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოაწერეს ხელი. კონტრაქტის მოქმედების ვადა 2016 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდეა, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნული ხელშეკრულების არსებობას და შესაბამისად, საქართველოში “გაზკო პლიუსის” მიერ რუსული გაზის შეძენას არ ადასტურებენ.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი