საქართველომ მკვეთრად გააუარესა პოზიციები ლოგისტიკის ეფექტიანობის რეიტინგში » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველომ მკვეთრად გააუარესა პოზიციები ლოგისტიკის ეფექტიანობის რეიტინგში

მსოფლიო ბანკის რეიტინგში (LPI index) საქართველომ 2014 წლიდან 2016 წლამდე 14 პუნქტით დაიწია. 2012 წლიდან საქართველოს „ჩამოქვეითებამ“ რეიტინგში 53 პუნქტი შეადგინა.

ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსი - LPI (Logistics Performance Index) – ეს მსოფლიო ბანკის ინდექსია, რომლითაც ხასიათდება საქონლის მიწოდების განხორციელების სიმარტივე და სავაჭრო ლოგისტიკის მდგომარეობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მაჩვენებლით განისაზღვრება მიწოდების ჯაჭვის მუშაობის ეფექტიანობა საერთაშორისო ვაჭრობაში და მისი შეფასება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება (2007, 2010, 2012, 2014 და 2016).

ქვეყნის ლოგისტიკური საქმიანობის ეფექტიანობას მსოფლიო ბანკის სპეციალისტები აფასებენ საერთაშორისო, ეროვნული ან რეგიონალური ლოგისტიკური ოპერატორების, სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიების, სასაწყობო მეურნეობის ოპერატორების, პროდუქციის მწარმოებლების, დისტრიბუტორების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სხვა მონაწილეების გამოკითხვის საფუძვველზე.

2016 წლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 160 ქვეყანამ. კვლევის თანახმად საუკეთესო ქვეყნების ათეული წარმოდგენილია ძირითადად მაღალი შემოსავლიანობის ქვეყნებით: გერმანია (1), ლუქსემბურგი (2), შვედეთი (3), ნიდერლანდები (4), სინგაპური (5), ბელგია (6), ავსტრია (7), გაერთიანებული სამეფო (8), ჰონგ-კონგი (9), აშშ (10). 2014 წლის კვლევასთან შედარებით პირველი ათეულის მიღმა დარჩნენ ნორვეგია და იაპონია, მათი ადგილები კი დაიკავეს ავსტრიამ და ჰონგ-კონგმა.

2016 წელს ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ადგილები ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის განაწილდა ასე: ლიტვა (29), ესტონეთი (38), ლატვია (43),  ყაზახეთი (77), უკრაინა (80),  მოლდოვა (93), რუსეთი (99), უზბეკეთი (118), ბელარუსი (120), საქართველო (130), თურქმენეთი (140), სომხეთი (141), ყირგიზეთი (146) და ტაჯიკეთი (153). აზერბაიჯანი რეიტინგში არ მონაწილეობს - მიზეზები უცნობია.

2007 წლის პირველ რეიტინგში საქართველო 150 მონაწილე ქვეყანას შორის საერთოდ არ იყო წარმოდგენილი - ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი რაოდენობის პასუხი. 2010 წლის LPI რეიტინგში საქართველომ 155 ქვეყანას შორის 2.61 ქულით 93-ე პოზიცია დაიკავა; 2012 წლის LPI რეიტინგში საქართველო 16 პოზიციით დაწინაურდა და 2.77 ქულით 77-ე ადგილზე გადავიდა; 2014 წლის LPI რეიტინგში საქართველომ 2.51 ქულით 116-ე პოზიცია დაიკავა, ანუ იგი 39 საფეხურით ჩამოქვეითდა. 2016 წლის რეიტინგში საქართველომ 160 ქვეყანას შორის 2.35 ქულით 130-ე ადგილი დაიკავა.

ლოგისტიკის ეფექტიანობის შეფასების ყველა ძირითადი კრიტერიუმი საქართველოს შემთხვევაში გაუარესებულია; ეს კრიტერიუმებია:

¾    საბაჟო და სასაზღვრო გაფორმების ეფექტიანობა (customs);  

¾    სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი (infrastructure);  

¾    კონკურენტუნარიან ფასებში საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების სიმარტივე (international shipments);

¾    ლოგისტიკური მომსახურების კომპეტენტურობა და ხარისხი (logistics competence and quality);

¾    გზავნილებზე თვალყურის დევნებისა და კვალდაკვალ მიყოლის შესაძლებლობა (tracking & tracing);

¾     მიწოდების დაგეგმილ ან მოსალოდნელ ვადებში მიმღებამდე გზავნილების მიტანის სიხშირე (timeliness);

 

 

 

«არ არსებობს ვაჭრობა ლოგისტიკის გარეშე, და სუსტი ლოგისტიკა ხშირად სუსტ ვაჭრობას გულისხმობს. უნდა გვახსოვდეს, რომ საქონლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ლოგისტიკის ეფექტიანობისათვის ყველაფერს არ ნიშნავს, მთავარია უამრავი ელემენტის გაერთიანება მთელი მიწოდების ჯაჭვის გასწვრივ» - განაცხადა გამოცემისადმი მიძღვნილ თავის კომენტრაში საექსპედიტორო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის FIATA-ს პრეზიდენტმა ჩჟაო ჰუქსიანგმა (Huxiang Zhao).

მაშასადამე, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ლოგისტიკური პოტენციალი სრულად არ გამოიყენება. ახლანდელი 130-ე ადგილი - ეს არის საბაბი დაფიქრებისათვის იმათთვის, ვინც მაღალი ტრიბუნიდან გვეუბნება, თუ რაოდენ წარმატებით ანხორციელებს საქართველო საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სისტემაში ინტეგრაციას. რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას საქართველო ასეთი ლოგისტიკური სისტემით ვერ შეასრულებს.

სპეციალურად "აქცენტისთვის"

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი, დავით გოჩავა

 

 

 

 

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი