მიზანმიმართული იერიში "შირაქის პროდუქტის" საწარმოზე - ვის ინტერესებს ატარებს "სურსათის ეროვნული საააგენტო?" » Net Post
 
  • საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიზანმიმართული იერიში "შირაქის პროდუქტის" საწარმოზე - ვის ინტერესებს ატარებს "სურსათის ეროვნული საააგენტო?"

გვანცა ფიფია, ჟურნალისტი:

 

_ არ მინდოდა ამ ფაქტზე რამე დამეწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე, არ მიყვარს უსამართლობა და უსამართლობის ერთ–ერთი ფორმა შერჩევითი სამართალი. ბიზნესის წახალისებაო რომ აუჩემებია ამ ჩვენს მთავრობას და თანადაფინანსების პროგრამებში უამრავ თანხას ხარჯავს, (არცაა ცუდი,რადგან აღნიშნული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას ემსახურება, ინვესტორებს მოტივაციას უმაღლებს), მაგრამ ამავდროულად საკუთარი თუ ერთმანეთის ხელით მაინც ვსპობთ ძლივს ფეხზე წამომდგარ და მეტ-ნაკლებად გამართულ ბიზნესს მაგას რა ქვია?!. შირაქის პროდუქციაზე ასეთმა  "ერთსულოვანმა" შეტევამ და "მყისიერმა" რეაგირებამ გამიჩინა ეჭვი, რომ ეს კამპანია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს.

 

მეც აღვშფოთდი, როცა ვიდეო ვნახე, როგორ დადიან ტარაკნები ჯიხურში განთავსებულ პროდუქციაზე. თუმცა ჩემთვის გაურკვეველია, რატომ დაუხურეს კაცს საწარმო, რომელიც სულ მალე ბიო პროდუქტის დამზადებას იწყებდა და ოფიციალურად პროდუქციის ლიცენზიაც მოპოვებული ჰქონდა და როგორც ვიცი კავკასიაში პირველი ბიოპროდუქციის მწარმოებელი იქნება. სწორედ ახლა, თვის განმავლობაში 5–ჯერ რომ მიდის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ერთსა და იმავე საწარმოში, ნაკლს ვერ პოულობს, თუმცა უხურავს ბანალური მიზეზით, ათ დღეში ისევ უხსნის (ცხადია საწარმოს ზარალზე აღარაფერს ვამბობ) და უცებ, მერე სარეალიზაციო ჯიხურში განთავსებულ პურზე ტარაკნების მიმოსვლის კადრები ვრცელდება, რაც პარადოქსი მაგრამ ისევ შირაქის საწარმოს დალუქვის საბაბი ხდება, მაპატიეთ, მაგრამ მაფიქრებინებს, რომ ეს არის მიზანმიმართულად ბიზნესმენზე მიტანილი იერიში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მანამ სანამ მედია-საშუალებებმა არ გაავრცელეს, არაფერი უთხრა მომხმარებელს იმაზე, რომ ლამის ცარიელ ტყვიას ვჭამთ საკვების ნაცვლად, სამაგიეროდ იმისთვის მოიცალა, რომ პატიოსნად მომუშავე, საკუთარი ოფლით ამუშავებული ქარხნის მეპატრონეს მიადგა, როგორც ჩანს რომელიღაცა "ბობოლას" მოუნდა, რომ ეს ესე ყოფილიყო. როგორ შეუძლიათ ესე გაწირონ ადამიანები?!

 

ამ კომპანიის პროდუქციის მომხმარებელი ვარ უკვე დიდი ხანია და ამ კომპანიის ნაწარმით ვკვებავ ჩემს სამი წლის შვილს, რადგან ვიცი რა დონის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს იცავს ეს საწარმო, როგორ პირობებში და გარემოში, რა შემოწმებას გადის. საწარმო ყველა საჭირო დანადგარებითაა აღჭურვილი, ბახილების და თეთრი ხალათის გარეშე საწარმოს სიახლოვესაც კი არ გადაადგილდება არავინ...

 

როცა დარგის განვითარებაზე ამდენს ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ ქართულია და კარგია და უცებ ერთი ხელის მოსმით ქარს ვატანთ იმ დიდ შრომას რომელსაც თავადვე ვწევთ იმისთვის რომ მეურნეობა მეურნეობას დაემსგავსოს ნუ გვექნება პრეტენზია ქვეყნის შენებაზე.

 

ყველი მეყველემ ამოიყვანოს და პური მეპურემ აცხოს. საწყენია, რომ ეს ქვეყანა სულ დაქცეული უნდა იყოს, ყველა პოლიტიკოსობდეს ან გავლენიან მფარველებს ამოფარებული ბიზნესმენობდეს.

  • დღევანდელი ამბები
  • კითხვადი